შსს: რაჭაში მუსიკალურ ფესტივალზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი ადამიანი დავაკავეთ

მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც რაჭაში 9-11 აგვისტოს გაიმართა, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 10-მდე ადამიანი დააკავეს – ფესტივალის ორგანიზატორები და ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
რაჭაში, შაორის ტბასთან გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე, შსს-ს ცნობით, ერთი ადამიანია დაკავებული – მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ანუ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვასა და/ან გასაღებას ედავება. ეს დანაშაული, მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ქონის შემთხვევაში, 11 წლამდე პატიმრობით ისჯება, დიდი ოდენობით ქონის შემთხვევაში კი – 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით.
ორი ინციდენტის შესახებ წერს თავად ფესტივალი – სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მათ პოსტში ნარკოტიკები ნახსენები არ არის.
„ერთ შემთხვევაში, დაცვის კომპანიის ყველა მცდელობის მიუხედავად, წესრიგის დარღვევის შეჩერება ვერ მოხერხდა“… წესრიგი პოლიციამ დაამყარა. მეორე შემთხვევაში კი, ფესტივალზე მყოფი ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ხელს უშლიდა ღონისძიების ნორმალურ მიმდინარეობას, მიუხედავად გაფრთხილებისა, ისევ აგრესიულად იქცეოდა. დაცვამ ის გაიყვანა ტერიტორიიდან. მოგვიანებით კი, ფესტივალის გარეთ ის პოლიციამ დააკავა”, – წერია “ბეჩა ფესტივალის” 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში.
ფესტივალის სტუმრები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ დაკავებულია ათამდე ადამიანი – მათივე აღწერით, ფესტივალის დაცვისა და პოლიციის თანამშრომლობა ფესტივალის სტუმრების დასაკავებლად თვალშისაცემი იყო, დაკავებები კი ძირითადად ფესტივალის ტერიტორიის გარეთ ხდებოდა.
პოლიციის თანამშრომლები შეურაცხყოფას აყენებდნენ ფესტივალის სტუმრებს, – ამბობენ რადიო თავისუფლებასთან ფესტივალის მონაწილეები, თუმცა ყველა, ვინც ფესტივალზე დაკავებების შესახებ საუბრობს, თავს იკავებს ვინაობის გამჟღავნებისგან. მათი ინფორმაციით, დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს ედავებიან. შსს ამას არ ადასტურებს.
“ბეჩა ფესტივალი” ახალი მუსიკალური ფესტივალია – მას მხარს უჭერდა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დეპუტატი სადავო პარლამენტში, გოჩა ენუქიძე.
პროგრამის მიხედვით, ფესტივალში 37 ქართველი და სამი ფრანგი არტისტი მონაწილეობდა. “ბეჩას” ორგანიზატორია “რაჭველი ახალგაზრდა” ირაკლი რამინაშვილი.
ფორუმი