შსს ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს

თბილისში, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე აქციის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ის აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ვკითხულობთ -ს განცხადებაში.
ათობით ადამიანი შეიკრიბა აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან. ისინი აპროტესტებენ საღებავის შესხმას სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინიც არის გამოსახული. აქციის მონაწილეები „ხატის შეურაცხყოფაში” ნატა ფერაძეს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ „თავად აღასრულებენ იმას, რაც სახელმწიფომ და კანონმა არ აღასრულა”. აქტივისტის მისამართით ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები.
ნატა ფერაძის სახლთან იმყოფებიან პოლიციელები.

ასევე დაგაინტერესებთ