შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. მათგან ასაკით ყველაზე პატარა 18 წლისაა, ყველაზე უფროსი კი 41-ის. დაკავებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
უწყების ცნობით ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის ე.წ. მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ერთ-ერთი დაკავებულის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული – 15 515 ევრო, 15 500 აშშ დოლარი და 6550 ლარი.
“პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“, „მეთადონი“, „მეფედრონი“, „ბუპრენორფინი” , „ალფა-პვპ“, და „მარიხუანა“ . პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ამოღებულია უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი”, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19- 260-ე, 18-260-ე, 273-ე პრიმა, 19- 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
