საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო ქვეყნის ტერიტორია 1 887 223-მა დატოვა.
შსს-ს ცნობით, 2023 წელს რუსეთის ყველაზე დიდი რაოდენობით – 766 278 მოქალაქე მესამე კვარტალში შემოვიდა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 348 050 რუსი შემოვიდა, ქვეყნიდან კი 359 030 გავიდა.
ბოლო კვარტალში, საქართველოს საზღვრის კვეთის მიხედვით, პირველი ექვსეული ასეთი იყო: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, აზერბაიჯანი, უკრაინა და ინდოეთი.
გამოქვეყნებული დოკუმენტით, 2023 წელს საქართველოს საზღვრის კვეთის მიხედვით, პირველი სამი კვარტლის განმავლობაში რუსეთი ლიდერობდა, ხოლო მეოთხე კვარტალში ქვეყანაში შემოვიდა თურქეთის უფრო მეტი მოქალაქე, ვიდრე რუსეთის.
გასულ წელს საქართველოს საზღვრის კვეთა (შემოსვლა და გასვლა) უცხო ქვეყნებისა და საქართველოს მოქალაქეების მიერ ჯამში 20 282 928-ჯერ მოხდა.
Forbes-ის რუსულენოვანი სამსახური კომპანია Финион-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს საქართველო ლიდერი იყო იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა ბიზნესი დაიწყეს.