შსს-მ “ოცნების” განცხადების შემდეგ დამატებით ძალადობის მუქარის მუხლითაც დაიწყო გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ განცხადების საფუძველზე მელიქიშვილის გამზირზე 8 სექტემბერს მომხდარ ფაქტზე დამატებით დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.
“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გარდა აღნიშნულისა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე – სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობის, ძალადობის პროვოცირების და სხვა ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის წარმოებაში, რაც თავის მხრივ კანონით დასჯადი ქმედებაა”, – წერია უწყების განცხადებაში.
8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძს შტაბთან „ქართული ოცნების“ პარტაქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდა დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს. მედიის წარმომადგენლებს ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და წაართვეს ტექნიკა.