შსს-მ კეკელიძეზე 20 პირი დააკავა, მათ შორის ორი- სისხლის სამართლის საქმეზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ, ჯამში, 20 ადამიანი დააკავა.
უწყების ცნობით, 18 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი კი- სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.
„მიმდინარე წლის 23 იანვარს, 11:00 საათიდან, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებდნენ გამოსახლების პროცედურას. მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ საპოლიციო დანაყოფები.
შეკრებილმა მოქალაქეებმა პროცესის დაწყებისთანავე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და მათ არ აძლევდნენ აღსრულების პროცესის განხორციელების საშუალებას.
პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით. ასევე, საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან პოლიციის თანამშრომლების მისამართით ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთი“ ,— აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების განცხადებით, გამოსახლების პროცესში პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით:
„ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით ასევე დაკავებულია 18 პირი.
დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები“, — აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები, გიორგი ღვინჯილია და ირაკლი კაკაბაძე. ასევე, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან- წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად