შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკებისას 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ.-ს სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ხ. და ვ.ქ. ბრალდებულების სახით დააკავეს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გელა ხასაიას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე, ვარაუდობს, რომ საქმე შესაძლოა უკავშირდებოდეს 1 სექტემბერს სადგურის მოედანზე მომხდარ ინციდენტს.
ფურცელაძის თქმით, ხასაია მხოლოდ შეესწრო უცნობ პირებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას და თავად კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია.
