შსს-მ ამაღლობელის წინააღმდეგ სასამართლოს ისევ მიმართა – ამჯერად სტიკერის გაკვრის გამო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამოუკიდებელი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო, – იუწყება „ბათუმელები“.
გამოცემის თანახმად, ამ ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში სასამართლო პროცესი დღეს, 7 მაისს, 12:00 საათზეა დანიშნული ს საქალაქო სასამართლოში. ამ ეტაპზე გამოცემისთვისაც კი უცნობია, მიაწოდეს თუ არა სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაცია თავად მზია ამაღლობელს.
ამ საქმის მოსამართლეა 32 წლის მარიანა ფომაევა, რომელიც 2024 წლის დეკემბერში გახდა მოსამართლე.
ინფორმაცია, რომ ახალ ადმინისტრაციულ დარღვევას ედავება მზია ამაღლობელს და რომ სასამართლო პროცესი დღეს იგეგმება, სასამართლოს დღევანდელი განრიგიდან გახდა ცნობილი.
11 მაისს ოთხი თვე შესრულდება მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან. ის წინასწარ პატიმრობაშია ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო – სილის გაწვნის გამო მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ახალი ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში, „ბათუმელების“ თანახმად, ამაღლობელს შსს 2025 წლის 11 იანვარს – მისი დაკავების საღამოს – ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას და იერსახის დამახინჯებას ედავება.
საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითაა სასამართლოში შესული.
ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს პირველ ჯერზე სწორედ სტიკერის გაკვრის შემდეგ დააკავეს, – პოლიციელებმა კი სტიკერი მაშინვე ააძვრეს კედლიდან. ამასთან, ამაღლობელის ადვოკატები ამბობენ, პოლიციას არ ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევის გამო მოქალაქის დაკავების უფლება.
პირველი დაკავების შემდეგ ის მალევე გამოუშვეს, მცირე ხანში კი, დგებუაძისათვის სილის გაწვნის შემდეგ, მეორედ დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 3 მაისს ამაღლობელმა ციხიდან მიმართა კოლეგებსა და მოქალაქეებს. მან მოქალაქეებს მოუწოდა, „ითანამშრომლონ მედიასთან და ჟურნალისტებთან ერთად ამხილონ ყველა ის პირი, ის წრე და ჯგუფი, ვინც ნორმად აქცია კორუფცია, უსამართლობა და ძალადობა; ვინც გვძარცვავს, გვაღარიბებს და გვღალატობს“.
ფორუმი