“შსს მესიჯს გვწერს, წვიმდებაო და მაგასაც ვიგებთ და კიდევ ჩვენ გვაქვს, ხალხო, გააზრების და გაგების პრობლემა?” – თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა:
ერთ–ერთი ტელევიზიის პროგრამას ვნახულობ და წერია: – მხატვრული ფილმი – “რას გაიგებ”. –ვახ, ხომ არ ვუყურო?, – ეს იყო პირველი ფიქრი, მაგრამ იმწამსვე მივხვდი, რომ არანაირი ლოგიკა არ დევს იმაში, ნახო ფილმი, რომელსაც, წინასწარ იცი, რომ რას გაიგებ, ვერ გაიგებ. –მეორე მხრივ, მუღამია, რა არის ეგეთი, მეც რომ ვერ გავიგებ? იქნება და მე ყველაზე მაგარი ვარ და გავიგო? – რას გაიგებ. თუ ფილმის რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა ვერ გაიგეს რა ფილმი გადაიღეს, იმათ თუ არ იციან, რისი თქმა უნდათ, მე როგორ გავიგებ?
იქნება, ნიშნისმოგებაა? აი, მაგალითად, ასე, მოდი, მოდი, უყურე, ნახე, აბა, რას გაიგებ – მაგრამ, მაშინ, კითხვის ნიშანი უნდა იყოს დასმული და კითხვის ნიშანი არაა. იქნება და იმედია – როგორც, მაგალითად, რას არ გაიგებ! – და უმალ რომ გიხარია, რადგან რაღაცა ისეთს გაიგებ, რაც ჯერ არ გაგიგია, მაგრამ არც ძახილის ნიშანია. წავედი და –აბა, დამაცადე–ს ვუყურე, რა გავიგე, არ მკითხოთ, იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე ვგეგმავდი, ალბათ… მეორე დღეს დაიწყო წაკითხულის გააზრების დატოლების დიდი ამბავი და ზოგმა, ეგ რა არის, მოსმენილის გააზრება უნდა ნახოთო და ზოგმაც, ნანახის გააზრება არ გინახავთო და მე კი გეტყვით, კიდევ კარგად ვიგებთ, ხალხო. ვისი მოსმენაც გვიწევს, იმათმა უმრავლესობამ თავად არ იცის, რისი თქმა უნდა და კიდევ კარგად ვიგებთ. მესიჯს გვწერს, წვიმდებაო და მაგასაც ვიგებთ და კიდევ ჩვენ გვაქვს, ხალხო, გააზრების და გაგების პრობლემა?
იმ პირობებში, რა პირობებში არსებობაც გვიწევს, გეფიცებით, რასაც ვიგებთ, ეგაც სასწაულია და მეორე ხილული სასწაულია, როგორ ირგებენ ისინი, რომლებმაც არ იციან რისი თქმა უნდა და ჩვენ მაინც ვიგებთ, ჩვენ ვიგებთ და ისინი ირგებენ და რას გაიგებთ, ხალხო, რას? რომ გაიგო, უნდა იყოს გასაგები.
იმის არ იყოს, რომ აწუწუნებდიან ხოლმე ტვინი მოგვე@@ნაო და რომ მინდა დავამშვიდო და ვუთხრა: – ტვინი უნდა გქონდეს, ძვირფასო, რომ მოგი@@ნან:) რას გაიგებ:)
რაც არ არის გასაგები, იმას რას და რანაირად გაიგებ:) არაფრიდან ყველაფერი როდის იყო ამოდიოდა, ისედაც ამდენი რამე ამოგვაქვს არაფრიდან წლებია.