თბილისის საქალაქო სასამართლომ ლექსო სამხარაძეს ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის დავით მათიკაშვილის საჩივრის საფუძველზე 13 ივნისს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
დღეს, დილის საათებში ლიკა ბასილაია-შავგულიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ “ლექსო სამხარაძე გაიტაცეს ქუჩიდან”.
ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ “ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით”, ლექსო სამხარაძე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.
ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს.
ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
2 ივნისს ლექსო სამხარაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ის საპროტესტო შეძახილებს ეუბნება ქართული ოცნების წევრ დავით მათიკაშვილს, რომელიც კაფეში შედის. მოგვიანებით, 5 ივნისს მან დაწერა, რომ დავით მაჩიკაშვილმა უჩივლა.
