შსს ითხოვს, ადმინისტრაციული სასჯელის სახით პატიმრობა შეეფარდოთ მათ, ვისაც “ოცნების” დეპუტატი მარიამ ლაშხი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
მათ შორისაა “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ლიკა ლორთქიფანიძე, რის შესახებაც ინფორმაციას ჯგუფ “დაიტოვეს” ადმინისტრატორი ნენსი ვოლანდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მასთან ერთად, მარიამ ლაშხმა კიდევ ორ აქტივისტს, მაგდა მამუკაშვილსა და თათია აფრიამაშვილს უჩივლა. ამ უკანასკნელის სასამართლო პროცესი 23 მაისს გაიმართა, თუმცა მოსამართლეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ, მაგდა მამუკაშვილმა განაცხადა, რომ მას არასრულწლოვანი შვილები ჰყავს და როგორც ადვოკატმა უთხრა, 12 წლამდე ბავშვის შემთხვევაში, დედის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ პატიმრობას არ იყენებენ.
მაგდა მამუკაშვილის თქმით, მიუხედავად ამ მოცემულობისა, თუ დანარჩენების წინააღმდეგ პატიმრობას გამოიყენებენ, ისიც პატიმრობას მოითხოვს.
“პატიმრობა სრულიად შეუსაბამო ზომაა, რადგან შეურაცხყოფა არ ყოფილა. ჩვენ გამოხატვის თავისუფლება გამოვიყენეთ. ეს ყველაფერი ემსახურება აქტივისტების დაშინებას. პროტესტი “ქართულ ოცნებას” მიემართება და ჩვენ ყოველთვის გამოვიყენებთ გამოხატვის თავისუფლებას. მე მცირეწლოვანი შვილები მყავს. ჩემი ადვოკატი როგორც მეუბნება, 12 წლამდე ბავშვის ყოლის შემთხვევაში, ადამიანის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ პატიმრობას არ იყენებენ. მიუხედავად ამისა, თუ ამ გოგოების მიმართ გამოიყენებენ პატიმრობას, მეც არ ვაპირებ შვილების დაბადების მოწმობების წარდგენას და მეც მოვითხოვ პატიმრობას”, – თქვა მაგდა მამუკაშვილმა.
მარიამ ლაშხი აქტივისტებს სასამართლოში 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო უჩივის. 17 მაისს თათია აფრიამაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის და კიდევ ორი აქტივისტი მარიამ ლაშხს მიმართავენ და ამბობენ – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, „არა რუსულ რეჟიმს!“, „არა რუსეთის მონებს!“
