შსს ავრცელებს პრესრელიზს, რომლითაც იუწყება, რომ ქართველმა და თურქმა სამართალდამცველებმა ერთობლივი ოპერაციისას თურქეთის 12 მოქალაქე დააკავეს – ყველა მათგანი წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მათგან 4 საქართველოში უკანონოდ არის შემოსული იმ დროს, როცა მათზე საერთაშორისო ძებნა უკვე გამოცხადებული იყო.
13 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ:
· ყველა დაკავებული ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა.
· დაკავებული 12 პირიდან 8 პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო 4 პირი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რის საფუძველზეც მიმდინარეობს შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პროცედურები.
· ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ის უკანონოდ ინახავდა.
· თორმეტივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული,წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:
· დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა (მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობა);
· მკვლელობის მცდელობა;
· ყაჩაღობა;
· თავისუფლების უკანონო აღკვეთა;
· ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება;
· ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნა და წევრობა;
· გამოძალვა და ქურდობა;
· ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება;
· ნარკოტიკული დანაშაული;
· დოკუმენტების გაყალბება;
· საინვესტიციო თაღლითობა და მითვისება.
ჯამში დაკავებულები 178 ეპიზოდში არიან ბრალდებულები.
თურქეთის მოქალაქეების დაკავების ფონია მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი თურქეთში, სადაც მან თურქეთის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა.
ბოლო 5 დღის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა შსს წითელი ცირკულარით ძებნილების დაკავების შესახებ ავრცელებს ცნობას. 10 აგვისტომ მარნეულში ასევე საერთაშორისო ძებნილი, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ორგანიზებული დაჯგუფების წევრობა და ჯანმრთელობის დაზიანება ედება ბრალად.
ფორუმი
