“ოცნების” შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ, საპროტესტო აქციაზე რუსთაველის გამზირის გადაკეტვასა და აქციის მონაწილეების მიმართ “სახის დამალვის” ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს.
ბრიფინგზე, შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია 27 ადამიანი, რომელთაგან 14 დაკავებულია, ხოლო დანარჩენი 13-ის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
დარახველიძემ განაცხადა, რომ ამ “კანონსაწინააღმდეგო” ქმედებების განმეორების შემთხვევაში, ზემოხსენებულ 27 ადამიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხი დადგება.
“დღეს საქრთველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა. ასევე ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს 13 პირის მიმართ.
როგორც საზოგადეობისთვის ცნობილია, გუშინ, 2025 წლის 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზრიზე საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა. აღნიშნული ქმედებით, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
მიუხედავად პოლიციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე შსს-ის ოფიციალურად გავრცელებული განცხადებისა, არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
ასევე დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც ასევე კანონდარღვევას წარმოადგენს.
შესაბამისად, მოხდა 27 სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, რომელთაგან 14 პირი უკვე დაკავებულია, ხოლო 13 პირის მიმართ მიმიდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მომდევნო დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები, განმეორებით ჩაიდენენ მსგავს ქმედებას, მათ მიმართ დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
კიდევ ერთხელ მოვიუწოდებთ, აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში შსს გამოიყენებს საქართველოს კანონდებლობით გათვალიწინებულ ზომებს”, – განაცხადა ბრიფინგზე დარახველიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, “ოცნების” შსს-მ 14 ადამიანი დღეს დააკავა.
დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ფორმულას ჟურნალისტი ვახო სანაიაა.
ცნობილია, რომ მოსამართლემ ერთ-ერთი დაკავებული თორნიკე თხილავა, გაფრთხილების საფუძველზე გამოუშვა, ხოლო ლევან მარგიანს თავისუფლების 6 დღით აღკვეთა მიესაჯა.
