შსს გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანია დაკავებული.
როგორც უწყებაში ამბობენ, არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა და დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.
“აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”, – აცხადებს შსს.
გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქცია დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით იმართება. მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის და ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში კოლონებით დღეს ჩამოვიდნენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანიცაა.
21 ოქტომბერს გარემოს დაცვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზია, შესაძლოა, გადაიხედოს. მიზეზად გარემოს დაცვის სამინისტრო ხიდაშელის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა დაასახელეს. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინვესტორმა არ წარმოადგინა ტერიტორიის განვითარების გეგმა, რომლის ვალდებულებაც აქვს ყველას, ვინც სახელმწიფოსგან ლიცენზიას იღებს, შესაბამისად, როგორც თანდილაშვილმა აღნიშნა, დაჯარიმეს პროცესი დაიწყეს.