შსს: ბოლო კვირაში 314 პირს ჩაუტარდა ნარკო-შემოწმება, 240-ს დაუდგინდა მოხმარების ფაქტი

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
-ს თანახმად, ბოლო ერთ კვირაში ქვეყნის მასშტაბით 314 პირს ნარკოლოგიური შემოწმება შეუტარდა, საიდანაც 240-ს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა, 23-მა კი თავი აარიდა შემოწმებას და ისინი ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები.
“ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა. აქედან, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240 პირს, რომელთა საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნილია სასამართლოში. ამასთან, 23-მა პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომლებიც ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები, რადგან ეს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით არის გათვალისწინებული.
ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური ცრუ კამპანია, რომ თითქოს სამართალდამცველები მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ან რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებს ამოწმებენ, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. შემოწმებული პირებიდან პოლიციელი ვერც გამოარჩევს და ვერც გამორიცხავს ადამიანს პოლიტიკური შეხედულების მიხედვით, რაც, თავის მხრივ, არავისთვის წარმოადგენს ინდულგენციას.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებისგან. პოლიციის მიერ გატარებული ყველა ღონისძიება, მათ შორის ნარკოლოგიური შემოწმებაც, მიმართულია ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ და ემსახურება ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს.
ასევე მოვუწოდებთ, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, არათუ ხელი შეგვიშალონ, არამედ გაიზიარონ პასუხისმგებლობა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, სადაც ინფორმაციის სწორად მიწოდებას განსაკუთრებული როლი ეკისრება”, – წერია განცხადებაში.