შსს-მ სინდისის პატიმრების საქმეზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება მისსავე უწყების თანამშრომელს დაუკვეთა – დღეს 11 პირის პროცესზე გამოიკითხა ექსპერტი ნინო ბორაშვილი, რომელიც ვიცე პოლკოვნიკია.
ადვოკატების თქმით, აღნიშნული ექსპერტის ხელმოწერა სხვა საქმეებშიც ფიქსირდება.
ექსპერტმა დღევანდელ სხდომაზე დაადასტურა, რომ არ უკვლევიათ, ვინ რა საგანი გაისროლა და ვისი მიმართულებით, ან რამდენად იყო ის სახიფათო, როგორც ამას გამოძიება ამტკიცებს.
შესაბამისად, “ბრალებში” ნახსენები “მძიმე საგანი” გამომძიებლების ფანტაზიის ნაყოფია და არაფერი მეტი – აცხადებს ადვოკატი ომარ ფურცელაძე ტვ პირველთან.
ფაქტობრივად ყველა დასკვნაში, რაც ჩვენს საქმეშია წარმოდგენილი, მისი ხელმოწერება ფიგურირებს. არცერთ ექსპერტიზაში არასოდეს დასმული არ ყოფილა არცერთი კითხვა საგნებთან დაკავშირებით, რამდენად იყო ის მძიმე საგანი საშიში ან სახიფათო სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის და შესაბამისად, ექსპერტებს აღნიშნული არ უკვლევიათ. ის მითითება, რომ თითქოსდა მძიმე საგანი არის ნასროლი პოლიციელების მისამართით, რომლებმაც სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე შექმნა ან რაიმე მაგდაგვარი, არის ავტორი გამომძიებელების ფანტაზიის ნაყოფი”, – აცხადებს ომარ ფურცელაძე.
ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თქმით კი, ის ფაქტი, რომ ექსპერტიზას შს სამინისტროს თანამშრომელი ატარებს და არა სამხარაულის ექსპერტიზის ექსპეტი, ეს თავისთავად მიანიშნებს, რომ “ექსპერტი იმ თავითვე არის მიკერძოებული”
გარდა იმისა, რომ ექსპერტს აქვს იურიდიული განათლება და არანაირი მიმართულება ტექნიკური მიმართულებით, ალბათ, რამდენიმეთვიანი ტრენინგი აქვს გავლილი, ამავდროულად აღნიშნული პოლიციელი მუშაობს შს სამინისტროს საექსპერტო ბიუროში და წოდებით არის უფროსი ლეიტენანტი, ანუ არის პოლიციელი. ექსპერტი ჰაბიდოსკოპი, რომელიც უნდა იყოს მიუკერძოებელი, იმ თავითვე არის მიკერძოებული. ერთ-ერთ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც პირი ნიღბით არის, გაცემული აქვს შემდეგი დასკვნა, რომ თითქოს შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება და ეს არის ანზორ კვარაცხელია. როდესაც დღეს შევახსენეთ აღნიშნულ ექსპერტს ეს საკითხი, ვერანაირად ვერ გაექცევა ის ბუნებრივია პასუხსიმგებლობას, აღნიშნა, რომ ეს იყო სხვა კადრი, თუმცა არის იგივე კადრი. სხვა ექსპერტმა, რომელიც რეალურად არის სახელმწიფოს ბიუროს წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მიუთითა ობიექტური პასუხი, რომ იმ კადრით, რაზეც მან გასცა, რომ იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო პიროვნების დადგენა”, – განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
სასამართლოში ამ წუთებში, პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
