შსს აქციებზე „მკაცრი ზომებით“ იმუქრება და მაგალითად აშშ-ევროპა მოჰყავს

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე -ში პოლიციის მიერ ხდება შეკრება-მანიფესტაციის დროს მასების მართვა და საჭიროების შემთხვევაში კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება“, — ასე დაიწყო -ში ბრიფინგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ.
დღეს, 8 მაისს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც კუპატაძეს მედიის კითხვებისთვის არ უპასუხია, აჩვენეს სხვადასხვა ქვეყანაში მომიტინგეების ძალადობრივი დაშლის და დაკავების კადრები.
შსს-მ დეზინფორმაცია უწოდა ქართველი სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებას.
„პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. შსს-ში შემუშავებული ინსტრუქციები, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციების მართვას, სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო პრინციპებთან. სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად — თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ანალოგიურად მოქმედებდა პოლიცია ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროსაც“, — აცხადებს შსს.
კუპატაძის თქმით, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ისინი გადამზადებულნი არიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
კერძოდ, კუპატაძის თქმით, მათ საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ, როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში.
„ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა. განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს“, — განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
მისივე მტკიცებით, ბოლო პერიოდში თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით.
„ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს. ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული“, — დასძინა თეიმურაზ კუპატაძემ.
აპრილ-მაისში მიმდინარე ანტირუსული აქციების მონაწილეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით 80 შეტყობინება შევიდა.
საპროტესტო აქციებზე პოლიციელები და სპეცრაზმელები ფიზიკურად გასუწორდნენ დეპუტატებს — ალეკო ელისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით, პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის