საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 28 მარტს ადმინისტრაციული წესით დააკავეს ოთხი პირი – ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში 29 მარტს განუცხადეს.
· ორი პირი დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად – წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა,
· ერთი პირი 173-ე მუხლითა და 174-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას გულისხმობს;
· კიდევ ერთი პირი დაკავებულია 173-ე მუხლით – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 28 მარტს, ღამის 11 საათისთვის გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ორი პირი. თაკო კურატიშვილმა და ლილუ შაველაშვილმა პოლიციამ პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი პროტესტის დროს დააკავა.
თაკო კურატიშვილს, 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის გვერდით მდებარე ტროტუარზე, ხელში საპროტესტო პლაკატი ეჭირა წარწერით: „ანწუხელიძე უკვდავია“.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას. კომისიის მორიგ სხდომა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის თემატიკას შეეხებოდა. კომისია ცდილობს, რომ ომში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ბრალეულობა გამოკვეთოს.
მოქალაქეთა პროტესტი გამოიწვია სხდომაზე დასმულმა შეკითხვებმა, რომლებიც ომის დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ქართული მხარის დადანაშაულების მინიშნებებს შეიცავდა. მათ პარლამენტის შესასვლელთან აქციის გამართვა სხდომის პარალელურად, სპონტანურად დაგეგმეს.
ფორუმი
