შსს აბობს, რომ პოლიციელმა აქციაზე მხედველობა დაკარგა, დეტალები ჯერჯერობით უცნობია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ 29 ნოემბერს გამართულ პროევროპულ აქციაზე პოლიციელმა მხედველობა დაკარგა. თუმცა, სხვა დეტალები, მათ შორის, პოლიციელის ვინაობა უცნობია. უწყებაში ამის შესახებ, ჯერჯერობით, არ საუბრობენ.
დღეს, 15 აპრილის, საღამოს საათებში, პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პოლიციელს თვალი აქციის მონაწილის ნასროლი ბლაგვის საგნით დაუზიანდა. -ზე დაყრდნობით ისინი წერენ, რომ პოლიციელს ოპერაცია ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთში ჩაუტარდა. თუმცა, მხედველობის მისთვის მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს არ იძებნება შსს-ს ვებ-გვერდზე, ან ფეისბუქგვერდზე, სადაც ტრადიციულად, იტვირთება ხოლმე მსგავსი შინაარსის სიახლეები. უწყებას არ გაუვრცელებია არც პრეს-რელიზი მედიებისთვის. “ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად და სხვა დეტალების დასაზუსტებლად უწყების პრესსამსახურს დაუკავშირდა. შსს-ში ფაქტი დაგვიდასტურეს. ასევე გვითხრეს, რომ ინფორმაცია საჯაროდ არ გაუვრცელებიათ და მხოლოდ იმ მედიებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებმაც კითხვებით მიმართეს.
კითხვები დავსვით ჩვენც. მაგალითად, როგორ ადასტურებს უწყება, რომ პოლიციელი ნამდვილად აქციის მონაწილის მიერ ნასროლი ბლაგვი საგნით დაზიანდა? ეს მხოლოდ შსს-ს ვერსიაა თუ დადასტურებული ფაქტი? იმსჯელა თუ არა ამაზე სასამართლომ? ვინ არის ეს პოლიციელი და რატომ არ ასაჯაროებენ მის ვინაობას? როდის წაიყვანეს სამკურნალოდ თურქეთში, კონკრეტულად რა ტიპის დაზიანებები აქვს და რა პროცედურები ჩაუტარდა და ა.შ. თუმცა, უწყებისგან ამ კითხვებზე პასუხების მიღებას, ჯერჯერობით, ვერ ვახერხებთ.
4 თვეზე მეტია გვიდა, რაც ქვეყანაში საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში შსს-ს მუდმივად ავრცელებს ინფორმაციას სავარაუდოდ დაზარალებულ პოლიციელებზე. თუმცა, არცერთ მათგანს საჯაროდ არ უსაუბრია. უწყება არ ავრცელებს დეტალებს კონკრეტული სახელებით და გვარებით, სავარაუდო დაზიანების შესახებ დეტალებით და ა.შ.
სისხლის სამართლის წესით დაკავებულ 50-ზე მეტ პირს შორის რამდენიმეა, რომელსაც უწყება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. თუმცა, ამ საქმეებში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელების დაზიანებები ლოყის გაწითლებას, ან ბეჭის არეში ტკივილს არ სცდება. ამ ადამიანებს ბრალი 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – პოლიციელზე თავდასხმა – აქვთ წარდგენილი და არა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – პოლიციელის ჯანმრთელობის დაზოანებით, სწორედ იმიტომ, რომ მათ ქმედებებს ვინმეს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება არ გამოუწვევია.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის საქმეზე დაკავებულ 19 პირის საქმეში 40-მდე პოლიციელია დაზარალებულად ცნობილი. თუმცა, ვერც ერთი ვერ უთითებს რომელიმე ბრალდებულზე. ვერც ერთი მათგანი ვერ ასახელებს კონკრეტულ ადამიანს, ვისი ქმედების შედეგადაც დაზიანდა თავად, მისი რომელიმე კოლეგა ან ინფრასტრუქტურა.
ამის პარალელურად, აქციების 139 დღის განმავლობაში შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფის მიერ სასტიკად ნაცემია ათობით მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებსაც თავს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაესხნენ. სპეცრაზმელების მიერ მოქალაქეებზე ძალადობა ხდებოდა პირდაპირ ეთერშიც. დაკავებული მოქალაქეები ჰყვებიან წამებასთან გათანაბრებულ, არაადამიანური მოპყრობის შესახებ უშუალოდ პოლიციის განყოფილებებში. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რომელიც იძიებს პოლიციელების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს, ათობით საჩივარია შესული. თუმცა, უწყებას ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არ დაუკავებია.