„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერებს და საჭიროა დროული დაზუსტება, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ იურისტი დავით კესარელი აცხადებს.
მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ნაწილი საჭიროებდა რეგულირებას, თუმცა მიღებული კანონი ნაწილობრივი ბუნდოვანია.
უფრო კონკრეტულად, შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი 2025 წლის ივნისის ბოლოს დაამტკიცა. კანონში ცვლილებების ნაწილი ეხება შრომით ბაზარსაც, კერძოდ, უცხოელთა დასაქმებისთვის სპეციალური ნებათა იქნება საჭირო.
როგორც დავით კესარელი აღნიშნავს, კანონის ახალი რედაქციით ბუნდოვანია, სპეციალური ნებართვა სავალდებულო იქნება თუ არა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში ფლობენ ბიზნესს.
„საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში ბევრი საკითხი არის სამომავლოდ რეგულირებაზე დაქვემდებარებული. რა როგორ იქნება, დეტალები ჯერჯერობით, ნათლად არ იკვეთება. არსებული რედაქციით არ ირკვევა ამ კანონის მოქმედება და სპეციალური სამუშაო ნებართვის მოპოვება სავალდებულო იქნება თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, დირექტორი, წილის მფლობელი, პარტნიორი და ა.შ.“, – აღნიშნავს იურისტი.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას. ამასთანავე, კესარელი ამბობს, რომ თუ ნებართვა აღნიშნულ პირებზეც გავრცელდება, ეს გარკვეულწილად ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლას ან ბიზნესის წარმოებას გაართულებს.
„თუ მათზეც გავრცელდება, ეს ძალიან ბევრ ბარიერს შექმნის მათ შორის, ინვესტიციების ნაწილში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში იურიდიული პირის დაფუძნების პროცესში, დამატებით ბარიერებს წარმოუშობს იურისტებსა და სხვა პროფესიის პირებს, რომლებიც მათ მომსახურებას უწევს. ყოველივე აქედან გამომდინარე, მეტი თვალსაჩინოება არის საჭირო დასაქმების სფეროს რეგულირებასთან დაკავშირებით. კანონი შეიცავს გარკვეულ ბუნდოვან ჩანაწერებს, რომელიც აუცილებელია, რომ, რაც შეიძლება სწრაფად გაირკვეს“, – განუცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დათო კესარელმა.
www.bpn.ge
