ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი წინსვლის პარალელურად, ქართულ შრომის ბაზარს უწევს ახალ რეალობასთან ადაპტაცია – უნარების დეფიციტი, კადრების გადინება და მენტალური ჯანმრთელობის საჭიროება დღითი დღე უფრო აქტუალური ხდება.
ბიზნესის კონსულტანტის, ნანა ყუფუნიას ინფორმაციით, ამ რეალობაში „ეიჩარ ქეისების“ გაზიარება სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველს შექმნის.
„ციფრული სამყაროს განვითარებასთან ერთად ძალიან ბევრი ახალი საქმე გაჩნდა, ამ გამოწვევებს კი სხვებთან ერთად ქართული შრომის ბაზარიც ცდილობს გაუმკლავდეს. სწორედ ახლა დგას ‘ეიჩარ ქეისების’ გაზიარების საჭიროება. შრომის ბაზარზე არის უნარების დეფიციტი, ასევე კადრების გადინების დიდი პრობლემა. აქამდე ეს პრობლემა ასე მძაფრად არ იდგა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების მენტალური მდგომარეობის წახალისება,“ – აღნიშნა ნანა ყუფუნიამ ნინო ლიპარტიას საავტორო გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“.
„აწარმოე საქართველოში“-ის HR ხელმძღვანელის, მარიამ ნოზაძის ინფორმაციით, სასამართლოებში შრომითი დავების რაოდენობა მცირდება. ეს ტენდენცია მეტწილად იმით არის განპირობებული, რომ დასაქმებულები დღეს უკეთ იცნობენ თავიანთ უფლებებს. თუმცა შრომის ბაზარზე გამოწვევები კვლავ აქტუალურია: Gen Z თაობის შესანარჩუნებლად ორგანიზაციებს სულ უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებათ. ახალ ტალღას ნაკლებად მოსწონს ტრადიციული სამუშაო გარემო, არ არიან მიჯაჭვულნი კონკრეტულ კომპანიაზე და უფრო თავისუფლად ტოვებენ სამსახურს, თუნდაც ალტერნატივის გარეშე.
„სასამართლო დავებში შრომითი მიმართულებით დავები შემცირებულია. ამას გარკვეულწილად ისიც განაპირობებს, რომ დასაქმებულები თავიანთ უფლებებს შედარებით კარგად იცნობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ორგანიზაციაში, სადაც თანამშრომელი დასაქმებულია, მათი შრომითი უფლებები იყოს დაცული და მათი სოციალური გარანტიები – უზრუნველყოფილი, პირველ რიგში ეიჩარის მხრიდან. შრომითი ბაზრისთვის უკვე პრიორიტეტული გახდა Gen Z თაობის დასაქმება, რადგან მოთხოვნადი და აქტუალური პროფესიები მეტწილად მათზეა მორგებული- ვგულისხმობ პროგრამირებას, IT სფეროს, ვებ-დიზაინს, სოციალურ რეკლამებს და ასე შემდეგ. Gen Z თაობის დასაქმებულების შენარჩუნება უფრო რთულია. ვგულისხმობ, რომ მილენიანებისთვის მისაღები პირობები მათთვის მიუღებელია, ნაკლებად არიან მიჯაჭვულნი ორგანიზაციაზე და შეუძლიათ მარტივად წავიდნენ, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ალტერნატივა,“ – აღნიშნა მარიამ ნოზაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.