„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „ჯეოსთილმა“, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მეორე ტრანშის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, „გალტ & თაგარტის“ სათაო ოფისში პრეს კონფერენციას უმასპინძლა.
პროგრამის ფარგლებში კომპანიას ჯამურად გამოშვებული და განთავსებული აქვს 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები, რომლიდანაც მეორე ტრანშმა 5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული პროგრამა პირველ მდგრადობასთან დაკავშირებულ და, ასევე, პირველ და ერთადერთ მძიმე მრეწველობის სექტორის მოთამაშის შეთავაზებას წარმოადგენს საქართველოში.
2023 წლის აპრილში გამოშვებული პირველი ტრანში, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, კომპანიის ისტორიაში პირველი კორპორატიული ობლიგაციების ემისია იყო. პირველი ტრანშის საპროცენტო განაკვეთი 9.00% იყო. მეორე ტრანში კომპანიამ გაუმჯობესებული საპროცენტო განაკვეთით, 8.50%-ით, განათავსა. ფასის გაუმჯობესება შესაძლებელი გახდა ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნის (oversubscription) შედეგად, რომელმაც განთავსებული მოცულობის 150% შეადგინა. ორივე ტრანშის ობლიგაციების ვადიანობა 2 წელია და ჯამში, ორივე ემისიის შედეგად, კომპანიას 75 ინვესტორი ჰყავს.
„ჯეოსთილის“ გეგმით, პირველი ტრანშის მოცულობიდან 5 მილიონი აშშ დოლარი და მეორე ტრანშის სრული მოცულობა, 5 მილიონი აშშ დოლარი, მოხმარდა საწარმოო დანადგარების ოპტიმიზაციასა და ახალი ენერგოეფექტიანი დანადგარების შეძენასა და დანერგვას. აღნიშნული კაპიტალური პროექტების შედეგად კომპანია მნიშვნელოვნად შეამცირებს საწარმოო პროცესში ბუნებრივი აირის მოხმარებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კომპანიის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს. პირველი ტრანშის დარჩენილი თანხა, 10 მილიონი აშშ დოლარი, სრულად მოხმარდა არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, რის შემდეგაც გაუმჯობესდა კომპანიის დაფინანსების პირობები, მათ შორის, ვალდებულებების ვადიანობის და ლიკვიდურობის პროფილი.