შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოში პირველ ავტორიზებულ „ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდს“ აფუძნებს

ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია შპს “ფორსაით ინვესტმენტ გრუპი” საქართველოში პირველ ავტორიზებულ “ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდს” აფუძნებს.
“ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი” ახალი ტიპის პროდუქტს წარმოადგენს,რომელიც საზოგადოებისა და ბიზნესსექტორისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების სპექტრს კიდევ უფრო აფართოებს. კერძოდ, “ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდში” თანხების განთავსებით, ინვესტორს შეუძლია საკუთარი ფულადი რესურსებით დამატებითი შემოსავალი მიიღოს. ფონდში მინიმალური შენატანი 100 ლარია, ხოლო სარგებელი ყოველდღიურ ნაშთზე ირიცხება.
ფონდიდან ინვესტიციის გატანა მაქსიმუმ 1 სამუშაო დღეში, საკომისიოს გადახდის გარეშეა შესაძლებელი. ფონდიდან ინვესტიციის გატანისას ინვესტორის მიერ მისაღები თანხების ოდენობა ფონდში შემავალი აქტივების მიმდინარე ღირებულების მიხედვით განისაზღვრება. საქართველოში საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს.
“ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდის” საქმიანობა 2020 წლის 22 ივლისის “საინვესტიციო ფონდების შესახებ” საქართველოს კანონით რეგულირდება. ის უფლებამოსილია, საჯარო შეთავაზება განახორციელოს, რაც ნიშნავს, რომ ფონდში ინვესტირება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი” საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდია, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა ბაზარზე, რადგან ის საცალო ინვესტორებისთვის არის განკუთვნილი.
“ეს არის დანაზოგების განთავსების ინვესტირების ახალი საშუალება და ინსტრუმენტი ბაზრისთვის, რაც ეკონომიკაზეც აისახება. რეგულირების თვალსაზრისით ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ეროვნულ ბანკში ვახორციელებთ საინვესტიციო ფონდების ზედამხედველობას. დღეს გახსნილი ფონდი ასევე ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა. ეს არის ფონდი, რომელიც ახალი ინსტრუმენტია და ჩვენს საჯარო, საცალო ინვესტორებს საშუალება მიეცემათ, თავიანთი დანაზოგები დააბანდონ”, – განაცხადა მიქაბაძემ.