შპს „რანჩო გარდაბანი“ ყველისა და აირანის წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის იურისტმა, არმაზ ხარძიანმა BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, კომპანიამ შენობა უკვე ააშენა და ასევე, შეიძინა ყველისა და აირანის საწარმოებელი აპარატი. ხარძიანის ცნობით, შენობის ასაშენებლად, კომპანიამ 140 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო აპარატებით უზრუნველსაყოფად 75 000 ევროს ჩაიდო.
„ვიყიდეთ ყველისა და აირანის საწარმოებელი აპარატი. თუმცა, პირველ ეტაპზე, აირანის წარმოებას ვგეგმავთ, რადგან ყველზე სხვა იდეები გვაქვს. გარდაბანში ბევრი სვანი ცხოვრობს, შესაბამისად, სულგუნის სვანური ტექნოლოგიით წარმოებას ვაპირებთ. ამ ეტაპზე, გადაიარაღებაა საჭირო, რათა საწარმო ქარხნულად მოვმართოთ. წარმოება გაზაფხულიდან ამოქმედდება“, – განაცხადა არმაზ ხარძიანმა.
შპს „რანჩო გარდაბანის“ იურისტის განმარტებით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებია კომპანია „ნიკორასთან“ და სავარაუდოა, რომ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მათი პროდუქცია ამ ქსელურ მარკეტში გაიყიდება.
შეგახსენებთ, რომ შპს „რანჩო გარდაბანს“ გარდაბანში უკვე სამი წელია ჰოლშტეინების, ანუ ჰოლანდიური, ურქო პირუტყვის ფერმა აქვს. ფერმა დღიურად ამ ეტაპზე, 800 ლიტრამდე რძეს აწარმოებს. ხოლო მიმდინარე წელს, წარმადობის 2.5 ტონამდე ზრდას გეგმავს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/frena_w_h-x4ckAt-300x169.jpeg)