შპს „გეა“ არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას.
შპს „გეა“ არის სრულიად ერთგული კანონმდებლობის, სამართლიანი ბაზრის პრაქტიკისა და ეთიკური პრინციპების მიმართ. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ანტიკონკურენტული ქმედების ჩადენას.
კონკურენციის სააგენტოში გეას მიერ წარდგენილ იქნა ყოვლისმომცველი სამართლებრივი და ეკონომიკური მტკიცებულებები, რაც, სამწუხაროდ, ნაწილობრივ იყო გაზიარებული.
მეტი სიცხადისთვის, შპს „გეას“ წინააღმდეგ დავა ეხება იმას, რომ კონკურენციის სააგენტო კომპანიას ედავება 1 ტაბლეტზე 2 თეთრიან ფასის სიჭარბეს, რაც გახდა ჯარიმის საფუძველი და ჩაითვალა არაგონივრულ ფასნამატად.
ამასთან, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია კონკურენციის სააგენტოს არათანმიმდევრული და დაუსაბუთებელი მიდგომის შესახებ კომპანიის ხარჯებთან დაკავშირებით.
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიაში მედიკამენტის ხარჯის გამოანგარიშებისას მხედველობაში ჰქონდა მიღებული გარკვეული საოპერაციო ხარჯები, რაც გადაწყვეტილების საბოლოო ვერსიაში აღარ გაითვალისწინა. მაგალითად, კონკურენციის სააგენტომ საბოლოო დასკვნაში მედიკამენტის ხარჯის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღო კომპანიის ისეთი მნიშვნელოვანი საოპერაციო ხარჯები, როგორიცაა: აფთიაქების იჯარის გადასახადი, კომუნალური გადასახადები, გაყიდვების დეპარტამენტის სახელფასო ხარჯი და სხვა. ასევე, სააგენტომ მხედველობაში არ მიიღო GDP სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯები საწყობთან მიმართებაში.
ჩვენ ვაგრძელებთ სრულ თანამშრომლობას ყველა შესაბამის ორგანოსთან და ვინარჩუნებთ გამჭვირვალობას საზოგადოებასთან.
ფარმაცევტული კომპანია შპს „გეა“
(R)