რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვედრაზე მოახსენა, რომ რუსეთის ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაზე.
შოიგუს თქმით, მარინკის დაკავებამ შესაძლებელი გახადა უკრაინის არტილერიის დონეცკიდან მოშორებით გადასროლა. პუტინმა ამას უპასუხა, რომ რუსეთის სამხედროებს “მიეცემათ უფრო ფართო საოპერაციო სივრცეში გასვლის შესაძლებლობა”.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, ალექსანდრ შტუპუნი შოიგუს განცხადებას არასწორს უწოდებს. როგორც შტუპუნმა სატელევიზიო გამოსვლისას თქვა, ბრძოლები გრძელდება და უკრაინის არმია ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებთანაა განლაგებული.
დღეს უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვისას თქვა, რომ უკრაინის არმიამ ჩამოაგდო რუსეთის ხუთი თვითმფრინავი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 25 დეკემბრის განცხადებაში იუწყება, რომ რუსეთის ძალები ფრონტის მთელს ხაზზე ცდილობენ შეტევის წარმოებას.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა განცხადებების გადამოწმება არ ხერხდება.
მარინკა მდებარეობს დონეცკიდან 10-მდე კილომეტრის მოშორებით, სამხრეთ-დასავლეთით. 2022 წელს იქ ცხრა ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წელს ქალაქი მოხვდა უკრაინის არმიასა და თვითგამოცხადებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” სეპარატისტებს შორის საომარი მოქმედებების ზონაში.
2022 წლიდან მარინკის არეალებში ინტენსიური შეტაკებებია რუსეთის არმიასა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის. ქალაქი თითქმის სრულად დანგრეულია.