გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ევროკავშირს გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან და განსაკუთრებით, უკრაინასთან მიმართებით განიხილავენ. ამის შესახებ შოლცმა ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ ისაუბრა.
“დარწმუნებული ვარ, ეს არის აუცილებელი დებატები ევროპაში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესებში. ევროკავშირს გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით უკრაინის შემთხვევაში. მხარს ვუჭერთ უკრაინელების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენს მიერ მოთხოვნილი ყველა ზომის შესრულებისკენ”. – თქვა შოლცმა.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, შოლცმა ასე უპასუხა: “უკვე ვთქვი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე”.