ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება იყო ევროკავშირის პასუხი ქვეყანაში მიმდინარე ძალადობაზე.
როგორც ელჩი ამბობს, უკვე რამდენიმე თვეა დემონსტრანტებზე ძალადობენ “ნიღბიანი პირები”, თუმცა ამ დრომდე არავინ დასჯილა. გუშინ, 27 იანვარს, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერებაზე. გადაწყვეტილება პასუხია დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე ასევე რუსულ კანონზე.
“აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხის გამძლეობით და ქართველი ხალხის ერთგულებით ქვეყნის ევროპულ მომავალზე და დემოკრატიულ ფასეულობებზე. ჩვენ მათ ვხედავთ, რომ დგანან ყოველ ღამე აქ, რუსთაველზე და ბევრ სხვა ადგილას საქართველოს მასშტაბით, რომლებიც მოითხოვენ უკეთეს მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ჩვენ გვესმის მათი ძახილი უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის, დემოკრატიული ქვეყნისთვისა და ევროპული საქართველოსთვის. ამავე დროს, ჩვენ ვგმობთ მიმდინარე ძალადობას. შოკირებულები ვართ ხალხის ცემით, მათზე მუქარით, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე, პოლიტიკოსებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რომლებსაც დასდევენ და სცემენ ნიღბიანი პირები.
შოკირებული ვართ დაუსჯელობით და იმ ფაქტით, რომ ორი თვის განმავლობაში ქუჩაში მიმდინარე ძალადობის მიუხედავად, არავინ დასჯილა ამისთვის. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება ჩვენი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. გუშინ ევროკავშირმა გადაწყვიტა შემოიღოს შეზღუდვები საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ასე რომ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ახლა მოუწევთ ვიზის აღება იმ შემთხვევაში, თუ სურთ ევროკავშირში გამგზავრება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით. როგორც ვთქვით, ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის დასჯა, რომლებიც ქუჩაში დგანან და დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოს მოითხოვენ. ჩვენი მიზანი იყო დასჯა იმ პირების, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, ვინც პასუხისმგებელია დაშინებაზე, ვინც პასუხისმგებელი არიან მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მგზავრობისას”, – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
