შოთა ნარსია: ყველაფრის მიზანი, რაც მე ჩემს თავზე გამოვცადე, არის ის, რომ დაინერგოს შიში და ჩვენ ხმის ამოღება ვეღარ გავბედოთ

„სამართლიანი ს“ მკვლევარი, შოთა ნარსია თბილისში, საპროტესტო აქციებზე დააკავეს, მანამდე მას სპეცრაზმელებმა სცემეს. როგორც შოთა იხსენებს, რაღაც მანძილზე ათრიეს და პერიოდულად წიხლებს ურტყამდნენ წელის არეში, აგინებდნენ, ემუქრებოდნენ და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. იხსენებს, რომ პოლიციის სამმართველოში მიყვანის შემდეგ, მერვე სართულიდან გადაგდებითაც დაემუქრნენ.

შოთას თქმით, სპეცრაზმისგან ის ორმა პოლიციელმა გამოიხსნა: „მითხრეს წამოგვყევი, ყველა ჩვენნაირი კი არ არისო“. ამ პოლიციელებმა შოთა სხვა ორ პოლიციელს გადასცეს, რომლებმაც ის სამმართველოში გადაიყვანეს, გზაში მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და შეურაცხყოფა გაგრძელდა.

„სრულიად პოლიტიზებული იყო პოლიციის ორივე წარმომადგენელი. მესაუბრებოდნენ არჩევნებზე, მეკითხებოდნენ გაყალბდა თუ არა არჩევნები. ვუთხარი, რომ ბევრი დარღვევა დაფიქსირდა ამ არჩევნებზე, რაზეც იგინებოდნენ. ისინი საუბრობდნენ ბევრ სხვა თემაზე, რომელიც საერთოდ არ უნდა ყოფილიყო მათი განხილვის საგანი, მათ შორის ევროკავშირზე, ჩვენ თითქოს ომი გვინდა, აქციის მონაწილეებს და ჩვენს ქვეყანას არ დავიცავთ. ასევე საუბარი იყო, რომ ევროკავშირი ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინებას გვაიძულებს.

სამმართველოში მისვლამდე დამემუქრნენ, რომ მაჩვენებდნენ, თუ რა შეეძლოთ, ერთ-ერთმა მითხრა, ხომ არ გგონია აქაც ისე დაგელაპარაკებით, როგორც პატრული ელაპარაკება ხალხს ქუჩაშიო. ზეწოლა გაგრძელდა შენობაში ჩემი აყვანის შემდეგაც, როცა მე არ მოვაწერე ოქმს ხელი, სადაც დაიწერა გაყალბებული ინფორმაცია, თითქოს მე შეურაცხყოფას ვაყენებდი პოლიციელებს.

ამან კიდევ უფრო გამოიწვია გაღიზიანება, იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. ფიზიკური ანგარიშსწორება აღარ მომხდარა, ორი პირი, ვინც მე გადმომიყვანა, ასევე სხვა ერთ ადამიანთან ერთად იყო ჩართული ამ ყოველივეში, შემდგომ გადამიყვანეს იზოლატორში. გადაყვანამდე შერბილდა ჩემ მიმართ დამოკიდებულება.“

აქციაზე მყოფი შოთა ნარსია ზუბალაშვილების ქუჩაზე გადაადგილებისას სპეცრაზმმა წააქცია. არანაირი კითხვები, მოწოდება ან რაიმე მოთხოვნა არ ყოფილა. შოთა გვიყვება, რომ ისინი პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ.

„როცა გამოჩნდნენ სპეცრაზმელები, ამ დროს მე სწრაფი ნაბიჯებით ვცდილობდი რუსთაველზე ჩასვლას ლესია უკრაინკას ქუჩის გავლით. შევფერხდი აქციის მონაწილეების გადაადგილების გამო და შემდეგ თავში ჩამარტყა ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა: წავიქეცი, ვეცადე წამოდგომას, ვაპირებდი გზის გაგრძელებას და ტელეფონი დამივარდა. ამ დროს უკნიდან მწვდა მხრებში ერთ-ერთი სპეცრაზმელი, რომელმაც წამათრია, ტელეფონის აღების შესაძლებლობა არ მომცა, ამის შემდეგ მათრიეს. შემდეგ მომიახლოვდა სხვა რამდენიმე სპეცრაზმელი, გინებით, რომლებიც მირტყამდნენ წიხლებს.

ჩემი თრევის და ფიზიკური ანგარიშსწორების პროცესი გაგრძელდა ჭიჭინაძის ქუჩაზე. გარკვეულ ეტაპზე, როგორც ჩანს, გონება დავკარგე, იმიტომ, რომ არ მახსოვს სრულად ეს პროცესი. ვიცი, რომ რამდენიმე სპეცრაზმელი მონაცვლეობით მიახლოვდებოდა, წელის არეში მირტყამდნენ წიხლებს. ამის შემდეგ ჭიჭინაძის ქუჩაზე ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა კიდევ ერთხელ ძალიან ძლიერად ჩამარტყა ნეკნებში, როგორც ჩანს, ამ ძლიერმა ჩარტყმამ გამომაფხიზლა, უნებლიედ დავიყვირე. დაყვირებაზე მოცვივდა ჩემთან რამდენიმე სპეცრაზმელი, მოვიდა ორი პოლიციელიც, რომელმაც ასე ვთქვათ, გამომიხსნეს ამ სპეცრაზმელებისგან.

მედიაში ჩანს კადრები, როდესაც მივყავარ ამ ორ პოლიციელს, მე მათ ვემორჩილები და მანამდეც ვემორჩილებოდი – არანაირი სიტყვიერი კონფრონტაცია სპეცრაზმელებთან არ მქონდა“.

შოთა გვიყვება, რომ მას პოლიციისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„მე არ შევსულვარ არანაირ კომუნიკაციაში მათთან, მათი შეხება კი ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო ჩემთან. ხაზს ვუსვამ ამას, რადგან შემდგომ გაყალბებული ინფორმაცია ჩაიწერა ოქმში. შესაბამისი ჩვენებაც მისცეს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. როდესაც გამომიყვანა ერთ-ერთმა პოლიციელმა, მახსოვს მითხრა, გამოგვყევი, ყველა ჩვენნაირი კი არ არის აქო… გადამიყვანეს დიღმის სამმართველოში, სადაც გაგრძელდა ჩემი გამოკითხვა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა. მეუბნებოდნენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსითაც გამისწორდებოდნენ, მახსოვს ერთ-ერთი პოლიციელი მანქანაში მიყვიროდა, რატომ გვესროდიო; ერთი ამბობდა, თითქოს მას ფიზიკურად გავუსწორდი, არადა, პირველად დავინახე საერთოდ, მესამე პირი იყო – არათუ ფიზიკურად, მასთან რაიმე შეხება მქონია.“

შოთა გვიყვება, რომ სასამართლო პროცესზე შს სამინისტროს თანამშრომლებმა მიიტანეს ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი, რომელშიც თავად შოთა არ ჩანდა:

„თავადაც განაცხადეს, რომ მე იქ არ ვფიგურირებდი, კადრების ნაწილი საერთოდ წინა დღის იყო,  ნაწილი კი იყო ჩემი დაკავების შემდგომ გადაღებული. მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო ჩვენი არცერთი არგუმენტი, მაგრამ დაეყრდნო პოლიციელების ცრუ ჩვენებას, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მე თითქოსდა შეურაცხყოფას ვაყენებდი მათ, არ დავემორჩილე და ამის შემდეგ დამაკავეს. ეს იყო სრულიად გამოგონილი“.

დასანქცირებულმა მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ შოთა ნარსია სამართალდამრღვევად ცნო და 2800 ლარით დააჯარიმა.

„მიუხედავად იმისა, რომ თავად ვარ დაზარალებული და ჩემზე ძალადობის კვალი აღწერილია, როგორც ექსპერტიზის ბიუროს მიერ, ასევე იზოლატორში მე მქონდა ხილული დაზიანებები, რაც გამოხატული იყო სისხლნაჟღენთებით, ნაწიბურებით, ამის მიუხედავად, თავად მცნეს სამართალდამრღვევად გაყალბებული, ცრუჩვენებების საფუძველზე და ასე დაასრულეს ეს პროცესი.“

შოთა ნარსიას სასამართლო 48 საათის გასვლამდე გამართეს, მას ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„თავად შს სამინისტრომ ითხოვა, რომ ჩემ მიმართ არ გამოეყენებინათ პატიმრობა. არც ერთ ეტაპზე ჩემი მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია არავის მიმართ. ეს იყო გამოგონილი“.

შოთა ვარაუდობს, რომ მისი ტელეფონი სპეცრაზმის ხელში აღმოჩნდა, რადგან ის ადგილი, სადაც მას ტელეფონი დაუვარდა, სპეცრაზმმა დაიკავა სრულად. შოთას თქმით, პოლიციელებმა მისი გადაყვანისას გაიგეს ისიც, რომ „სამართლიანი არჩევნების“ თანამშრომელია, ამის შემდეგ მათი დამოკიდებულება მის მიმართ უფრო აგრესიული გახდა:

„მეკითხებოდნენ ჩვენი ორგანიზაცია დარეგისტრირდა თუ არა ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალობის რეესტრში, ასე მოიხსენიებდნენ თავად. როდესაც მე ვუთხარი, რომ არ დავრეგისტრირებულვართ, მეუბნებოდა, რატომ, აგენტები ხართო?  მკითხეს, ვიყავი თუ არა ჯარში ნამყოფი. როდესაც ვუთხარი, რომ ვსწავლობდი და არ ვყოფილვარ, ამას მოჰყვა დაცინვა, როგორც ჩანს, განათლების მიღება მათთვის სასაცილოა.

საუბრობდნენ ევროკავშირზე, რომ თითქოს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს. იყვნენ უმეტესად ჰომოფობიურები, ამბობდნენ, რომ ლგბტქ თემს არ უნდა მიეცეს ქუჩაში გამოსვლის შესაძლებლობა. როდესაც ვახსენებდი მათ კონსტიტუციურ უფლებებს, ეს მათთვის საერთოდ არაფრად ღირდა. ამას თან ახლდა ყვირილი, გინება, შეურაცხყოფა, დამამცირებელი კომუნიკაცია.

ეს ყველაფერი იყო გათვლილი იმაზე, რომ მე დავეშინებინე. იყო პირდაპირი მუქარა, რომ კარგად დაიმახსოვრებდნენ ჩემს სახეს და თუ ისევ გამოვიდოდი აქციაზე, სეირს მაჩვენებდნენ. სამმართველოში ჩემი ყოფნის პერიოდი უმეტესად ხასიათდებოდა ზეწოლით, წნეხით. თუმცა, შემდეგ არ გაგრძელებულა ფიზიკური ანგარიშსწორება. მე უარესის მოლოდინში ვიყავი, თვითონვე შემამზადეს, სანამ სამმართველოში ამიყვანდნენ“.

შოთა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. დიდი მოლოდინი არ აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო რაიმეს შეცვლის:

„სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა მთლიანად პოლიტიზებულია და ემორჩილება დირექტივას. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესმა ეს ყველაფერი კარგად მაჩვენა – ვხედავდი, მოსამართლე თავადაც აცნობიერებდა, რასთან ჰქონდა საქმე, მაგრამ მაინც დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად. ამიტომ მხოლოდ უარესი შეიძლება მოხდეს სააპელაციო და უმაღლეს სასამართლოში. სასამართლო კლანის კონტროლი ზედა ინსტანციებზე უფრო ძლიერია, ამიტომ არ ველი, რომ შეცვლიან ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გავიარო ყველა ეტაპი, რომ სტრასბურგში შევძლო დავა სამართლიანი სასამართლოს უფლებისთვის“.

შოთას ვკითხეთ, რაში ხედავს გამოსავალს ამ ფონზე, როდესაც გვეუბნება, რომ სასამართლოს არც ერთი ინსტანციის იმედი არ აქვს და მიმართვას მხოლოდ ფორმალურობის დაცვის გამო გეგმავს.

„მე რაც ჩემი თვალით ვიხილე, სრულიად გამოგონილ სცენარს ჰყვებოდნენ სასამართლოს მიმდინარეობისას პოლიციელები და სასამართლო ბრმად ითვალისწინებდა ამ ჩვენებებს. დავრწმუნდი, რომ ნებისმიერი პროცესი, რომელიც პოლიტიკურ ინტერესს ატარებს, არის სრული ფარსი.

ნებისმიერი გამოგონილი ცრუ ბრალდების საფუძველზე სახელმწიფოს შეუძლია გაასამართლოს ნებისმიერი ადამიანი, ამიტომ ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ  ვიბრძოლოთ ბოლომდე, რომ სამართლებრივი სახელმწიფო საქართველოში შედგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სისტემის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი. შეიძლება დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ არ შეხებიან, ამიტომ მხარსაც უჭერენ, მაგრამ ოდესღაც ისინიც გახდებიან ამ უსამართლო სისტემის მსხვერპლები,

მნიშვნელოვანია ნებისმიერმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა არის მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქისათვის, იმის მიუხედავად, ეთანხმებიან თუ არა ერთმანეთს. მნიშვნელოვანია, არ დანებდეს სამოქალაქო საზოგადოება და ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ სამართლებრივ სახელმწიფოს.

იმ ყველაფრის მიზანი, რაც მე ჩემს თავზე გამოვცადე, არის ის, რომ დაინერგოს შიში და ჩვენ ხმის ამოღება ვეღარ გავბედოთ. ასევე მნიშვნელოვანია ყველა უკანონოდ დაკავებულის მხარდაჭერა. მეც ვიგრძენი ეს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. თუკი დაინახავენ, რომ დაკავებულ პირს არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, სისტემა მზად არის, მას ნებისმიერი რამ დააბრალოს, ნებისმიერი ბრალდებით გაუსწორდეს და ბოლომდე ფეხქვეშ გათელოს.

თუ გავაგრძელებთ ბრძოლას, არ დავემორჩილებით ამ ზეწოლას, დაშინებას, რეპრესიებს, რაც უკვე სახეზეა, ჩვენ შევძლებთ, ეს მოძალადე სისტემა გავტეხოთ“.

წყარო