შოთა თუთბერიძე – მოსამართლე, რომელმაც პოლიტიკური პატიმრების ბედი გადაწყვიტა, არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სასამართლოში

ცხადია, ბრალდებულებს არავითარი ურთიერთგამომრიცხავი, ან ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები არ აქვთ – ისინი არიან პოლიტპატიმრები, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის მოვლენებზე დაკავებული „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლე, რომელმაც პოლიტიკური პატიმრების ბედი გადაწყვიტა, არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სასამართლოში.
„ცხადია, არავითარი ურთიერთგამომრიცხავი, ან ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები ბრალდებულებს არ აქვთ. ისინი არიან პოლიტპატიმრები. ზოგადად, „ქართული ოცნების“ სასამართლოს ჯგუფურ და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით ცოტა უცნაური მიდგომა აქვს. არა ერთი საქმე გვახსოვს, სადაც მსჯავრდებულები არიან ჯგუფური დანაშაულისთვის ისე რომ, ისინი ერთმანეთს არც კი იცნობენ. რაც შეეხება ზოგადად პროცესს – მე ვფიქრობ, დღევანდელი პროცესის მიმართ პოზიტიური მოლოდინები ობიექტური გადაწყვეტილებისა არც ერთ შემთხვევაში არ არსებობდა, თუმცა სამაგიეროდ, გამოვლინდა, რომ მოსამართლე, რომელმაც გადაწყვიტა პოლიტიკური პატიმრების ბედი, არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სასამართლოში. ის იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება პრინციპს, რომ მოსამართლე უნდა იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური და მას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წინასწარი განწყობები არ უნდა ჰქონდეს,“ – გამაცხადა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს – პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე