შოთა თუთბერიძე – ელენე ხოშტარიას არ სურს რაიმე სამართლებრივ და იურიდიულ კაზუისტიკაზე მსჯელობა გამართოს რეჟიმთან, ამიტომ უარს ამბობს ადვოკატის დაცვის უფლებაზე, ამ საქმეში მას აღარ დავიცავ

ელენე ხოშტარიას არ სურს რაიმე სამართლებრივ და იურიდიულ კაზუისტიკაზე მსჯელობა გამართოს რეჟიმთან, ამიტომ უარს ამბობს ადვოკატის დაცვის უფლებაზე. მე ამ საქმეში ელენეს აღარ დავიცავ , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
როგორც შოთა თუთბერიძე აცხადებს, ელენე ხოშტარიას არ სურს, რომ ამ ფაქტს საზოგადოების დროის და ყურადღების მცირე ნაწილიც კი დაეთმოს, ამიტომ დაცვის უფლებაზე უარს აცხადებს.
“ვერ გეტყვით, რომ რაიმე დადებითი პროგნოზების გაკეთება შემიძლია, ბრალი არის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე პირველი ნაწილით, ეს არის ბრალი, რომელზეც საჯაროდ საუბრობდა და ელენეს ედავებიან 570 ლარის ზიანის მიყენებას. მას შემდეგ, რაც ბრალის დადგენილებას გავეცანი და გადავედით სამართალწარმოების ეტაპზე, ელენეს არ სურს რაიმე სამართლებრივ და იურიდიულ კაზუისტიკაზე მსჯელობა გამართოს რეჟიმთან, ამიტომ უარს ამბობს ადვოკატის დაცვის უფლებაზე. მე ამ საქმეში ელენეს აღარ დავიცავ. მას არ უნდა საზოგადოების დროის და ყურადღების მცირე ნაწილიც კი დაუთმოს ამ ფარსს.
პროკურატურა თუ რას ითხოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით, ჯერ-ჯერობით უცნობია. ბრალში ნათქვამია, რომ ელენე ხოშტარიამ 3 ცალი 190 ლარიანი ბანერი დააზიანა.
მე მგონია, რომ ადვოკატის გარეშე პროცესი დასრულდება უფრო ცუდად, უფრო სწრაფად და ნაკლები საზოგადოებრივი ყურადღების ფონზე და იქნება იგივე შედეგი, რომელიც დაცვის უფლების გამოყენების შემთხვევაში. გირაოზე მსჯელობა არ გვქონია. პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას თუ მოითხოვს და სასამართლო დაუკანონებს, ეს დამოკიდებულია კლანზე, მდინარაძეზე და “ქართული ოცნების” სპიკერების ჯგრო, რა დაკვეთას მისცემს”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.