შოთა თუთბერიძე: ეზოში, რომელიც მართლმსაჯულების სასახლეს ეკუთვნის, სადაც ხშირ შემთხვევაში ადვოკატების შემოსვლას სჭირდება ხოლმე თანაშემწესთან დარეკვა და დალაგება და საქმის ჩაწყობა, რომ შემოვიდეთ…

თბილისის საქალაქო სასამართლოში „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ 5 წევრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ლელა მარიდაშვილი მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ საქმეზე პოზიციის დაფიქსირებამდე ყურადღება გაამახვილა საქალაქო სასამართლოს ეზოში საპოლიციო ძალების მობილიზებაზე და აღნიშნა, რომ ეს მართლმსაჯულების შეურაცხყოფაა.
„ის ატმოსფერო, რომელიც სასამართლოშია ზოგადად შექმნილი, არის გამოწვეული ბევრი გარემოებით, მათ შორის, ტექნიკური დეტალითაც, დაწყებული იმით, რომ ყველა მსურველს არ ეძლევა საშუალება, დაესწროს პროცესს და დამთავრებული იმით, რომ სასამართლოს ეზოში შემოსვლისთანავე, ეზოში, რომელიც მართლმსაჯულების სასახლეს ეკუთვნის და სადაც ჟურნალისტები ვერ შემოდიან კამერებით და მიკროფონებით და სადაც ხშირ შემთხვევაში ადვოკატების შემოსვლას სჭირდება ხოლმე თანაშემწესთან დარეკვა და დალაგება და საქმის ჩაწყობა, რომ შემოვიდეთ, გადავსებულია ლამის ჯავშანტრანსპორტით, ავტომატიანი, ნიღბიანი ხალხი დგას სასამართლოში, რასაც პირად შეურაცხყოფად ვიღებ, როგორც ადვოკატი და ვფიქრობ, მართლმსაჯულების შეურაცხყოფაა და ყველა ილუზიას, რომ ჩვენ რამე ტიპის მართლმსაჯულებას ვახორციელებთ ამ შენობაში, თავდაყირა აყენებს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.