შოვში სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი და ტაძარი აშენდება,- ამის შესახებ შოვის ტრაგედიის ადგილას მისულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, შოვში ერთი წლის წინ ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა.
„შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები. ზუსტად ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ, თუმცა ყველაზე მძიმე, რა თქმა უნდა, ჭირისუფლებისთვის იყო ეს დღეები და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივუსამძიმრო. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა და ჩვენი ვალია დღეს, რომ მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოთ. არის მათ შორის კონკრეტული თხოვნები, ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისუფლებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველა თხოვნა შევასრულოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს შოვში იმყოფებოდა.
პრემიერი ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გაესაუბრა და მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა, სასულიერო პირებთან ერთად ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა.