შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის კვლევისთვის მეცნიერთა სპეციალური ჯგუფი შეიქმნა

წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების)აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა ს ტრაგედიის თავიდან აცილება,- ასე ფიქრობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე, რომელმაც მისივე მოადგილესთან, ლაშა სუხიშვილთან, ერთად შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, ლაშა სუხიშვილის, განცხადებით, კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ სტიქიის კერაში პატარა მასშტაბის ჩამოშლები, ეს იქნება ნატეხოვანი თუ ტალახოვანი ღვარები, წლების განმავლობაში არსებობს, მაგალითად – 2005, 2011 და 2015 წლიდან არის ჩამოშლები, მაგრამ განსაკუთრებული აქტიურობა ფიქსირდება 2023 წელს, სტიქიამდე.
„ასეთი აქტიურობა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად რაღაც კატასტროფას მოასწავებს, რომელი მოხდა შოვში, თუმცა ეს იძლევა სიგნალს, მინიშნებას, რომ ადგილი შესამოწმებელია.
ჩვენ ყოველთვის ვახსენებდით, რომ სტიქიის აქტიური ფაზა დაიწყო შუა დღის, დაახლოებით 15:00 საათზე, მაგრამ სეისმური მონაცემების უფრო დეტალურმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ კლდის დაშლის პროცესი დაწყებულია თბილისის დროით 13:00 საათზე, ანუ აქტიურ ფაზამდე 2 საათით ადრე. დაშლის პროცესი დაიწყო ორი საათით ადრე, მაგრამ ნაშალი მასალა შოვამდე არ ჩამოსულა, შოვამდე ახლოსაც კი არ მისულა. სამაგიეროდ, შოვამდე მიაღწია იმ პროცესმა, რომელიც დაიწყო 14:56 საათზე, ორო საათის შემდეგ და აქ ვთვლით, რომ მთავარი განსხვავება ის არის, რომ დაშლის პროცესმა „ჩაითრია” გარკვეული სახის წყლის რეზერვუარები, ანუ პროცესს დაემატა წყალი და სამწუხაროდ, ამან უზრუნველყო ამ მასის შოვამდე ჩამოტანა.
ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა შეადგინა მონაცემთა ბაზა, სადაც ჩანს, რომ კავკასიონზე არის ათობით უბანი, რომელიც პერიოდულად იშლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც კატასტროფა ხდება კავკასიონზე. აქედან გამომდინარე მივდივართ იქამდე, რომ ჩვენი ჯგუფიც ეთანხმება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ შვეიცარიულ კომპანიას, რომელიც ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს დაძაბული არეალები და იქ გაიმართოს ადრეული შეტყობინების სისტემები. დღევანდელი მოცემულობით ჩვენ არ ვართ მზად, არ გვაქვს საკმარისი ტექნოლოგიები, არ გვყავს კადრები, რომ ასეთი გამოწვევები მივიღოთ და პასუხი გავცეთ“, – განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.
ამასთან, როგორც სუხიშვილმა აღნიშნა, შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის კვლევისთვის მეცნიერთა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მოიცავს ათამდე ქვეყანას, მათ შორის კანადას, -ს, შოტლანდიას, გერმანიას, საფრანგეთს, ჩილეს და ჯამში, ქართველი მეცნიერების ჩათვლით საუბარია 25 მეცნიერზე.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე კვლევაზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ ადრეული შეტყობინების სისტემას რომ ეარსება, ადამიანების ევაკუაცია შესაძლებელი იქნებოდა, სხვა, ვერაფერი გაკეთდებოდა, რადგან დიდი მასშტაბის ბუნებრივი მოვლენაა მომხდარი.
გამოძიება, რომელმაც უნდა შეისწავლოს სტიქიის გამომწვევი მიზეზები, დამდგარი შედეგები, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები, სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხები, ერთი წლის შემდეგაც მიმდინარეობს.