“შოვინისტები არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ და ჩვენ ფეხზე არ უნდა დავუდგეთ იმას, ვინც ქართველებს მღრღნელებს უწოდებდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ისე კი მშვიდად განისვენოს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც 26 თებერვალს ქვეყნის პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოვიდა და შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებდა.
როგორც რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური იუწყება ორბანის ეს განცხადება მოჰყვა უნგრეთის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ბენს თორდაის ინიციატივას, რომელმაც მოუწოდა კოლეგა დეპუტატებს, რომ ფეხზე ადგომით და წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისთვის.
უნგრელი ოპოზიციონერის ინიციატივის პასუხად მმართველი პარტია „ფიდესის“ არც ერთი წევრი ადგილიდან არ განძრეულა, რამაც მათი ლიდერის, ვიქტორ ორბანის შექება დაიმსახურა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბენს თორდაიმ “სამარცხვინო” უწოდა მმართველი პარტიის ამ საქციელს და “ფიდესს” პუტინის მიერ მოსყიდული უწოდა.
ოპოზიციის ლიდერმა რუსეთში, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა, ქართველებს თავი სხვადასხვა დროს რადიკალურად განსხვავებული განცხადებებით დაამახსოვრა.
ნავალნის ყველაზე „მკვახე“ განცხადება რუსეთ-საქართველოს ომს უკავშირდება, როდესაც 2008 წლის 12 აგვისტოს, მან თქვა, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.
უფრო ადრე, თავის ბლოგპოსტში. რქართველებს „გრუზინების“ ანალოგიით „გრიზუნები“ (რუსულად მღრღნელები) უწოდა.
ხუთი წლის შემდეგ ნავალნიმ „ამერიკის ხმასთან“ თქვა, რომ შეცდა – არასწორი იყო, როცა ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა სხვა დანარჩენზე აზრი არ შეუცვლია.