პოლიციამ 1-ელ იანვარს განაცხადა, რომ ქურდებმა გერმანული საცალო ბანკის საცავში შესაღწევად შობის პერიოდი გამოიყენეს და მომხმარებელთა სადეპოზიტო ყუთებიდან, სულ მცირე, 10 მილიონი ევროს ღირებულების ფულისა და ძვირფასეულობის მოპარვა შეძლეს.
გავრცელებული განცხადებით, გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში დამნაშავეებმა Sparkasse ბანკის სქელი ბეტონის კედელი გაბურღეს და ათასობით სადეპოზიტო ყუთი გატეხეს.
Reuters-ის ცნობით, საშობაო პერიოდში, 24 დეკემბრის საღამოდან დაწყებული, გერმანიაში მაღაზიებისა და ბანკების უმეტესობა დაიკეტა, ხოლო პოლიციამ კედელში ხვრელი 29 დეკემბერს აღმოაჩინა, მას შემდეგ, რაც ბანკში სიგნალიზაცია ჩაირთო.
2 იანვარს ათეულობით დაზარალებული მომხმარებელი ბანკთან შეიკრიბა შენობაში შესვლის მომთხოვნი შეძახილებით.
ერთმა კაცმა გამოცემა Welt-ს განუცხადა, რომ ბანკის საცავს 25 წლის განმავლობაში იყენებდა, სადაც მისი დანაზოგები იყო შენახული. კიდევ ერთმა კაცმა აღნიშნა, რომ სადეპოზიტო ყუთში ოჯახისთვის ფულსა და ძვირფასეულობას ინახავდა.
27 დეკემბრის ღამის საათებში ბანკის გვერდით მდებარე ავტოსადგომში რამდენიმე კაცი დაინახეს, რომლებსაც დიდი ზომის ჩანთები გადაჰქონდათ. ამასთან, გავრცელებული ცნობებით, 29 დეკემბრის დილას ავტოსადგომი შავი ფერის Audi-ს მარკის ავტომობილმა დატოვა, რომლის სანომრე ნიშანიც ჰანოვერში, გელზენკირხენიდან 200 კილომეტრის დაშორებით, მოპარულ მანქანას ეკუთვნოდა.
tabula.ge




