ტურისტული სეგმენტის ცვლილებაზე სექტორი ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად ალაპარაკდა, თუმცა მცირე მარნების წარმომადგენლები გვიხნიან, რომ ეს ტენდენცია მათ შემთხვევაში შესამჩნევი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა. აზიელი ტურისტები ქართული ღვინით ნაკლებად ინტერესდებიან, რამაც ადგილობრივად ღვინის გაყიდვები გასულ წელსვე შეამცირა.
საბაზრო მოთხოვნებზე მორგებას ცდილობენ ყვარლის რაიონში ახლად გახსნილი “ანაპეას” დამფუძნებლები. ხატია დარგუაშვილის თქმით აზიელი სტუმრებისთვის ქართული ღვინის შეთავაზებას სხვა და სხვა ხერხით ცდილობენ, თუმცა თვლიან, რომ მათი მარნის სერვისი და პროდუქტი საინტერესო უფრო დასავლეთის ქვეყნების სტუმრებისთვის არის. “ანაპეას” დამფუძნებელი ამბობს, რომ მცირე ღვინის მარნებმა ბოლო წლებში მაღალხარისხიანი ღვინის შესათავაზებლად ბევრი იმუშავეს, თუმცა დღევანდელი ვითარება სექტორს უკან ხევს და ზარალობენ.
“კომუნიკაცია რაც გვაქვს ტურისტულ კომპანიებთან, რა თქმა უნდა, ეს გულის ტკივილი და წუხილი შესამჩნევია, ძალიან საგრძნობია, იმიტომ, რომ ჩვენც რომ ვეუბნებით ჩვენს სეგმენტს, რომ ეს ძირითადად ევროპის ან დასავლური ბაზრებისთვის არის და იმ ხალხისთვის ვინც იცნობს და პატივს სცემს ამ ჩვენ მიმართულებას, მათგან მოდის პასუხი, რომ არის ძალიან შემცირებული ასეთი სეგმენტები და ძალიან გაგიჭირდებათ მხოლოდ ამ ბაზრებზე ორიენტაცია, მაგრამ ნუ ჩვენ ჯერჯერობით ფარ-ხმალს არ ვყრით და აქ ანაპეას სოფელში ისეთი გარემო გვაქვს შექმნილი, რომ მგონია, რომ ძალიან საინტერესო და ყველასთვის მიმზიდველია.
შიშს ვხედავ, რომ საერთოდ არ გავქრეთ როგორც ტურისტული დესტინაცია თავისი კახეთით და ყველა რეგიონით, იმიტომ, რომ ტურისტი თუ არ იქნება, რა თქმა უნდა, აზრს დაკარგავს ჩვენი საქმიანობა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ განვითარება და იმედია ამაში ხელს არ შეგვიშლიან.”-ამბობს “ანაპეას” დამფუძნებელი ხატია დარგუაშვილი.
