შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაგვისწორდა, წაგვართვა აპარატურა – „ტვ პირველის“ ჟურნალისტი

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის, მარიამ მაკასარაშვილის განცხადებით, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, შინჯიკაშვილის მამამ მას პირადი მობილური ტელეფონი წაართვა, მის ოპერატორს კი – კამერა.
გიორგი შინჯიკაშვილი, რომელსაც მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაპირისპირება აქვს გდდ-ს უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან („ხარებასთან“), ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. მან გადადგომის შესახებ Facebook-ზე დღეს, 12 მაისს, დაწერა. სწორედ ამის შემდეგ მივიდა „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფი შინჯიკაშვილის სახლში.
მარიამ მაკასარაშვილის განცხადებით, გიორგი შინჯიკაშვილის სახლში მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ და ჟურნალისტთან კომენტარი შინჯიკაშვილის მამამ გააკეთა.
ჟურნალისტის თქმით, შინჯიკაშვილის მამა თავს მას შემდეგ დაესხა, რაც მასთან ინტერვიუ ჩაწერეს და მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდნენ.
„როდესაც ვტოვებდით მიმდებარე ტერიტორიას და ვიღებდით მასალას, გიორგი შინჯიკაშვილის მამა მოულოდნელად გახდა აგრესიული ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართ. ის გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. თავდაპირველად ჩემს ოპერატორს წაართვა ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა და ამის შემდეგ, როდესაც დამინახა, რომ ოპერატორის გვერდით ვიყავი და ჩემი მობილური ტელეფონი მეჭირა ხელში, ეს მობილური ტელეფონიც გამომართვა. გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ხელიც კი გამარტყა გიორგი შინჯიკაშვილის მამამ“, – განაცხადა მარიამ მაკასარაშვილმა „ტვ პირველთან“.
ჟურნალისტის თქმით, მან მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც შეატყობინა. თუმცა ინციდენტიდან, დაახლოებით, 15 წუთის შემდეგ, ჟურნალისტი ამბობდა, რომ ადგილზე პოლიცია ჯერ არ გამოჩენილა.
მომხდართან დაკავშირებით ნეტგაზეთი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა, მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.