შინაური ცხოველების მიმართ გამოჩენილი სისასტიკისთვის, მამაკაცი 1,7 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

საბერძნეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 63 წლის მამაკაცი, რომელიც ეგეოსის ზღვაში მდებარე პატარა კუნძულ დონუსაზე ცხოვრობს, შინაური ცხოველების სავარაუდო წამებისთვის, 1.7 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმეს.
ნაქსოსისა და მცირე კიკლადების კუნძულების პოლიციის ცნობით, აღნიშნულ პირს სახლში 58 კატა ჰყავდა გამოკეტილი და მათ შიშილით აწამებდა. ის მოქალაქეების საჩივრების შემდეგ დააკავეს და საბერძნეთის ცხოველთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მძიმე დანაშაულში დასდეს ბრალი.
ჯარიმის მთლიანი ოდენობა, სავარაუდოდ, 1.74 მილიონს გადააჭარბებს, რადგან სამართალდამცავები დამატებით იძიებენ ისეთ დარღვევებს, როგორიცაა, მაგალითად, კატებისთვის გათვალისწინებული მიკროჩიპებისა და ჯანმრთელობის ბარათების არქონა.
ეჭვმიტანილი ნაქსოსის პროკურატურაშია გადაყვანილი.