შიმშილობის მე-2 დღე — მასწავლებლები სამინისტროსთან პროტესტს აგრძელებენ

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია ეკალაძე მე-2 დღეა, რაც შიმშილობს. მან კოლეგასთან, ისტორიის მასწავლებელ დავით ფერაძესთან ერთად, პროტესტის ნიშნად ღამე განათლების სამინისტროს შენობასთან გაათენა.
ეკალაძე და ფერაძე იმ საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც უკვე თვეებია, სკოლის დირექტორთა შერჩევის პროცესს აპროტესტებენ. მათი შეფასებით, პროცესი არაობიექტური და უსამართლოდ ჩატარდა, რომლის მიზანი ისეთი კანდიდატების “დაბლოკვა” იყო, რომლებიც მმართველი პარტიისადმი ლოიალურად არ არიან განწყობილები. კანდიდატები, რომლებიც კონკურსს ამა თუ იმ ეტაპზე გამოეთიშნენ, ამბობენ, რომ დირექტორებად არჩეული პირების ნაწილი ამ პოზიციებზე პოლიტიკური ნიშნით მოხვდნენ.
“შეიძლება, “ქართული ოცნების” წვერიც იყოს ადამიანი, შეიძლება მხარდამჭერი იყოს, მაგრამ ის არ უნდა იყოს ხმების მომტანი. არ უნდა გაბედოს საგანმანათლებლო საქმეში მყოფმა პირმა, რომ მოსთხოვოს, თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრს, რომ შენ “ქართულ ოცნებას”, ან რომელიმე სხვა პარტიას მიეცი ხმა. სინდისმა არ უნდა გააბედინოს”, — ამბობს მაია ეკალაძე.
ის კონკურსს მეორე, გასაუბრების ეტაპზე გამოეთიშა. არადა დირექტორობის კონკურსი წარმატებით გაიარა ჯერ კიდევ 2014 წელს.
“ამ წლების განმავლობაში ჩემი კომპეტენცია გაიზარდა, არ შემცირებულა”, – ამბობს ეკალაძე და ფიქრობს, რომ მისი კომისიამ ის არასათანადოდ შეაფასა. მაია ეკალაძე ერთ-ერთია იმ 26 კანდიდატს შორის, რომლებმაც სამართლიან არჩევნებთან (ISFED) ერთად გასაუბრების შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა.
რაც შეეხება დავით ფერაძეს, მას გასაუბრების ეტაპიც წარმატებით გადალახა და დირექტორობის კანდიდატის სტატუსიც ოფიციალურად მიიღო. თუმცა, იმ სამი სკოლიდან, რომელთა დირექტორობის სურვილიც გამოთქვა, განათლების სამინისტრომ არცერთგან არ წარადგინა. შესაბამისად, სკოლების სამეურვეო საბჭოებს მისი კანდიდატურა არც განუხილავთ.
“1200-მდე სკოლა ლიდერის, პროფესიონალის ლიდერის გარეშეა. მოცემულობა შექმნეს – ტესტირება წარმატებით ჩააბარეს ადამიანებმა, მერე სერთიფიკატი მივიღეთ, გვყავს პროფესიონალი ლიდერები და 1200-მდე სკოლა ისეა დარჩენილი. ეს როგორ არ უნდა გამოიყენო, როგორ არ უნდა დააკომპლექტო სკოლა?! რეფორმებს როდესაც გვიფინანსებს, რა რეფორმებზეა საუბარი, თუ პროფესიონალი ლიდერი არ ჰყავს სკოლებს”, – ამბობს დავით ფერაძე.
მასწავლებლები სამინისტროსგან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას და დასახელებულ პრობლემებზე ხელშესახებ ცვლილებების გატარებას მოითხოვენ.
ამავე თემაზე:
· “დამარწმუნებელი, დროში გაწერილი პასუხები არ მიგვიღია” – მინისტრი შეხვდა მასწავლებლებს, რომლებიც შიმშილობას აპირებენ
· საქმე გამოგელიათ, ან მიზანმიმართულად გინდათ რეფორმები დააზიანოთ – მინისტრი ჟურნალისტებს

ასევე დაგაინტერესებთ