პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ X-ზე ციტირებს უწყების ლიდერს, რადოსლავ შიკორსკის სიტყვებს. ამ საკითხზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ში 25-წლიანი წევრობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.
“NATO-ს ძალების ყოფნა უკრაინაში არ არის წარმოუდგენელი. მე ვაფასებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის ინიციატივას, რადგან, მისი მეშვეობით, პუტინს უნდა ეშინოდეს და არა ჩვენ პუტინის.” – ციტირებს შიკორსკის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
💬 Obecność sił #NATO na Ukrainie to nie jest rzecz nie do pomyślenia. Doceniam inicjatywę prezydenta 🇫🇷 Emmanuela Macrona, bo chodzi w niej o to, by to Putin się obawiał, a nie my Putina.
| Min. @sikorskiradek podczas konferencji nt. NATO w @KancelariaSejmu pic.twitter.com/opAmxVAynK— Ministerstwo Spraw Zagranicznych RP 🇵🇱 (@MSZ_RP) March 8, 2024
როგორც უკრაინული მედია Європейська правда წერს, შიკორსკიმ მაგალითად მოიყვანა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ 1950-53 წლებში კორეის ომის დროს კოალიციური ძალების გაგზავნა.
“გაეროს წევრი სახელმწიფოების კოალიციის გაგზავნა აგრესიის შესაჩერებლად წარმოუდგენელი არაა… აი, რატომ ვაფასებ საფრანგეთის ბოლო დღეების ინიციატივას. იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, მას აქვს კეთილი ზრახვები, კერძოდ კი ის, რომ სწორედ რუსეთის პრეზიდენტი ეკითხებოდეს საკუთარ თავს, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი და არა დარწმუნებული იყოს, რომ ჩვენ არაფერ კრეატიულს არ გავაკეთებთ და საკუთარი სცენარების დაგეგმვა შეეძლოს.” – ციტირებს უკრაინული მედია შიკორსკის.
ცნობა, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის განიხილებოდა, თავდაპირველად სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ გაავრცელა, რაც შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა. მაკრონის თქმით, ამ შესაძლებლობა ძალიან თავისუფლად და პირდაპირ” განიხილავენ. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.
კრემლში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ თუ ევროპული ქვეყნები უკრაინაში სამხედროებს განალაგებენ, მაშინ NATO-სთან ომი გარდაუვალი გახდება. მაკრონის სიტყვებს თავად ვლადიმირ პუტინიც გამოეხმაურა და “პოტენციურ ინტერვენტებს” “ტრაგიკული” შედეგებით დაემუქრა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს. ამავე შინაარსის კომენტარი გააკეთეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც.