კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი მარინა გულედანი “ საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არაბული EMAAR ჯგუფის მიერ საქართველოში $6 მილიარდის ინვესტიციის დაანონსება ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი გზავნილია და “ქართული ოცნების” მხრიდან მაღალი დოლარიზაციის პირობებში ლარის მიმართ ნდობის გაზრდის მიზანს ემსახურება. მისი აზრით, ლარის მიმართ ნდობის გამყარების საუკეთესო ხერხი სწორედ პირდაპირი ინვესტიციის მოლოდინის შექმნაა, რაც ამ პირობებში გამორიცხულია, რადგან ყველა ინვესტორს სტაბილური გარემო სჭირდება. რაც შეეხება EMAAR ჯგუფს, გულედანის განცხადებით, წარსულში ამ კომპანიასთან დავების შემთხვევა ყოფილა, რადგან ამ წარმომავლობის ინვესტორები შემჩნეული არიან პოლიტიკური ბენეფიტების წინასწარ გაცემით სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების მიმართ, რაც მოხდა სირიაშიც.
“ძალიან გამიკვირდება, რომ ახლა უცებ ხვალვე ჩამოვიდეს ეს ჯგუფი და რაიმეს კეთება დაიწყოს, ცხადია ეს ასე არ არის. არაერთი წელი მიმდინარეობდა ეს მოლაპარაკება. მემორანდუმი არის რბილი ხასიათის დოკუმენტი, რომელშიც მხარეები რაღაც გეგმებს განიხილავენ და თანხმდებიან. ძალიან გამიკვირდება, თუ ამ დოკუმენტში, რომელსაც ხელშეკრულება ჰქვია, არ ეწერება დათქმები პოლიტიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებით.
ჩვენი რეზერვები მცირდება, დოლარზე მოთხოვნა არის მაღალი, მაღალი დოლარიზაციაა და ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი რესურსის გადაკონვერტირდა დოლარში, [ქართული ოცნებისთვის] ძალიან მნიშვნელოვანია ლარის მიმართ ნდობის გამყარება და ამის საუკეთესო ხერხი, რა თქმა უნდა, პირდაპირი ინვესტიციის მოლოდინის შექმნაა, რომ ამან იმოქმედოს ლარის კურსზე და ჩემი აზრით, მთავარი დანიშნულება ამ განცხადების და ამის გამოქვეყნების არის სწორედ ეს, რომ ამ განცხადებით, ლარის მიმართ ნდობა გამყარდეს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე არ მოხდება. ნებისმიერმა ეკონომისტმა, ფინანსისტმა ინვესტორმა იცის, რომ ინვესტიციებია ასე მყისიერად არ ხდება, თუ ქვეყანაში პოლიტიკურად სტაბილურობა არ იქნა, თუ სასამართლო სასამართლოს როლს არ შეასრულებს, თუ ადამიანის სიცოცხლე და უფლებები არ იქნება დაცული, თუ საინვესტიციო გარემო არ იქნება დასავლური. არ აქვს მნიშვნელობა წარმომავლობას, ყველა ინვესტორს სჭირდება სტაბილური გარემო და ამ სტაბილურობის გარანტი არის სამართლიანი სასამართლოს არსებობა, რომლის გარეშე ინვესტიციები არ ხორციელდება.
ეს არის დიდი ინვესტორი, არ მინდა ჩრდილი მივაყენო მას, თუმცა ეს არ არის ინვესტორი დემოკრატიული ქვეყნიდან. წარსულში ამ კომპანიასთან დავებიც ყოფილა და შემჩნეული არიან ამ წარმომავლობის ინვესტორები პოლიტიკური ბენეფიტების წინასწარ გაცემით სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების მიმართ, ეს მოხდა სირიაშიც. ამიტომ ეს არ გამკვირვებია, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ამხელა ინვესტორი შემოდის პოლიტიკური რისკის მიმართ იყოს დაზღვეული, ეს არის ერთ-ერთი საბაზისო, უმნიშვნელოვანესი რისკი, რომლისგან დაცვა ორი ხერხით მიიღება – ერთი, დემოკრატიული და სამართლიანი სასამართლოა და დალაგებული და თუ რამე შეგემთხვა გაქვს შესაძლებლობა თავი დაიცვა და მეორე არის, პოლიტიკური კონტაქტები.
თუ ეს კომპანია განიხილავს არსებული დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში ინვესტიციას, ეს ჩემთვის სიგნალია იმის, რომ მათ აქვთ მოლაპარაკება პოლიტიკური რისკის დაზღვევის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მოლოდინი შეიძლება იყოს არსებული მმართველობის სტილი შენარჩუნდეს და აქ აკეთოს ბიზნესი, თუმცა მეეჭვება რომ ეს ასე იყოს, რადგან ძალიან დიდი კომპანიაა. თვითონ დუბაი და საამიროები როგორც ფინანსური ჰაბი განვითარებულია და მათ პრეტენზია აქვთ თანამედროვე, დემოკრატიული დასავლური სტილის მმართველობაზე, მინიმუმ ამ სეგმენტში, ამიტომ ეს არის წინასწარ გაკეთებული გზავნილი, ქვეყანაში შიდა მოხმარებისთვის, რომ ლარის მიმართ ნდობა გაიზარდოს, მე ასე ვხედავ”,-აცხადებს გულედანი.
bm.ge