„შიდა ბაზრის გაფართოებისა და ახალი ბაზრების მოძიების გარეშე დამატებითი ერთეული ავტომობილების შემოყვანა პირიქით „გაჭედავს“ ბაზარს“ – ალექსი ნონიაძე

„შიდა ბაზრის გაფართოებისა და ახალი ბაზრების მოძიების გარეშე დამატებითი ერთეული ავტომობილების შემოყვანა პირიქით „გაჭედავს“ ბაზარს“ – ალექსი ნონიაძე
საქართველოსთვის მეორადი ავტომობილების იმპორტის მთავარი წყაროა. შტატებში ვიზიტის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამერიკასთან ეკონომიკური პარტნიორობის მიმართულებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამერიკული საექსპორტო პროდუქტისთვის საქართველო ძალიან საინტერესო ბაზარია. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ,,არსებობს ზრდის პერსპექტივა.”
,,კომერსანტი“ შტატებიდან მეორადი ავტომობილების იმპორტის მოცულობის გაზრდის პერსპექტივაზე ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს ესაუბრა. ალექსი ნონიაძე აცხადებს, რომ ასოციაცია აშშ-თან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მიესალმება, თუმცა საჭიროა გასაღების ბაზრების გაფართოება და შესაბამისი კვლევების ჩატარება. მისი განმარტებით, შიდა ბაზარს არ აქვს მაღალი მსყიდველობითი უნარი. რეექსპორტზე გატანილი ავტომობილების რაოდენობა კი 10 ათას ერთეულს ვერ გასცდა. ალექსი ნონიაძე მიიჩნევს, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საჭიროა შიდა და გარე ბაზრების გაფართოება. მისი მოსაზრებით, ამის გარეშე ქვეყანაში დამატებით ავტომობილების შემოყვანა ბაზარს გაჭედავს.
,,ჩვენი ასოციაცია მიესალმება ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, თუ ეს შესაძლებელია. აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ არის ერთი მომენტი. სად იქნება გასაღების ბაზარი? მთავარი ამოცანა ეს არის. ჩვენი იმპორტის 80% ამერიკიდან შემოყვანილ მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. გვაქვს რეექსპორტის ბაზრები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვემხრობით აშშ-თან სავაჭრო ურთიერთობების უფრო და უფრო მეტად გაღრმავებას, თუ ეს შესაძლებელი იქნება. მაგრამ, ის მოცემულობა რაც გვაქვს რეექსპორტში 10 ათასს ერთეულ ავტომობილს ვერ გავცდით. შესაბამისად, თუ არ მოიძებნა რეექსპორტის ახალი ბაზრები შიდა ბაზარს არ აქვს ის პოტენციალი, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი საკმაოდ დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ მოძველებული ავტოპარკი გვაქვს და დიდი ხანია ავტოპარკი შესაცვლელია. ეს ძალიან აქტუალური თემაა, მაგრამ არ არის მსყიდველობითუნარიანი და მცირე ბაზარია. ამ პრობლემის აღმოფხვრის გარეშე, შიდა ბაზრის გაფართოებისა და ახალი ბაზრების მოძიების გარეშე დამატებითი ერთეული ავტომობილების შემოყვანა პირიქით გაჭედავს ბაზარს.”- აცხადებს ალექსი ნონიაძე.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ძირითადი ბაზრები უკვე ათვისებულია. სწორედ ამიტომ საჭიროა მისი გაფართოება, რაზეც ბიზნესთან და ასოციაციასთან ერთად სახელმწიფომაც უნდა იმუშაოს. ალექსი ნონიაძე აღნიშნავს, რომ ასოციაცია წლებია სახელმწიფოსგან ბაზრების გაფართოების მიმართულებით ხედვის წარდგენას ითხოვს. მისივე თქმით საჭიროა ბაზრის კვლევის ჩატარება, რაც ფინანსებს უკავშირდება, რომლის მობილიზებას მხოლოდ ბიზნესი ვერ შეძლებს.
,,ძირითადი ბაზრები ათვისებულია და მუშაობაა საჭირო (ბაზრების მოძიებაზე). თუ ექნება ეკონომიკის სამინისტროს გარკვეული ხედვა ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათთან. მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ბიზნესმა და ჩვენმა ასოციაციამ მოვიძიოთ გასაღების ახალი ბაზრები. წლებია ამაზე ვსაუბრობთ ღიად და საჯაროდ და ვითხოვთ კიდევაც, რომ სახელმწიფომ თავისი ხედვა დაგვანახოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ბიზნესიც უნდა დაინტერესდეს ამ კუთხით. ასეთი მომენტია, რომ ბიზნესი კმაყოფილდება იმით რაც აქვს. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ასოციაცია რიგ გამოწვევებს და პრობლემებს ვხედავთ ამ მიმართულებით და ამიტომ გვინდა ახალი ბაზრების მოძიება, მაგრამ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ახალი პროექტების განხორციელება რთულია. საჭიროა კვლევა ჩატარდეს. ამას მარტო ასოციაცია ვერ მოახერხებს. ამიტომ, თუ დაინტერესება იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ მასთან. მეორეს მხრივ, ბიზნესი რომ დაინახავს, რომ პერსპექტივებია და სახელმწიფოს ხედვაც არის ბიზნესიც წამოვა ამ ურთიერთობაზე.”- აცხადებს ალექსი ნონიაძე.