2024 წელს შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირებაზე განაცხადების რაოდენობა გაიზარდა, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ღვინის სერტიფიცირება ძალიან კარგ წინაპირობებს ქმნის.
“ჩვენ, 2023 წელს, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირება შემოვიღეთ და უკვე შეგვიძლია, რომ 2023 და 2024 წლები ერთმანეთს სტატისტიკურად შევადაროთ. 2024 წელს უფრო მეტი განაცხადი იყო შემოსული, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საშუალება ზუსტად განვსაზღვროთ რამდენად მოხდა სერტიფიცირების რეალიზება და კონკრეტულად რამდენი ღვინო გაიყიდა.
მათ შორის, ადგილობრივ ბაზარზე ჩვენ სპეციალური პროგრამა გვაქვს, რომელიც იმ ხალხისთვისაა განკუთვნილი, რომელიც საქართველოში ღვინის ფესტივალს, ტურს, ან მსგავსი ტიპის ღონისძიებას აკეთებს. წელს განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია და ყველა ჩვენი ტრადიციული ფესტივალი ჩვენი ხელშეწყობით ჩატარდება. ღვინის ფესტივალებში, რომელიც საქართველოში იმართება ხოლმე საინტერესოა როგორც ადგილობრივებისთვის, ისე უცხოელებისთვის. ფესტივალი ღვინის მწარმოებლებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რადგან მათ საშუალება ეძლევათ მომხმარებლებს უშუალოდ ეკონტაქტონ და მათი შეფასება გაიგონ. ამ ღონისძიებებისთვის მათ შორის, ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებიდან ჩამოდიან და აინტერესებთ როგორც ეს ღონისძიებები და ფესტივალები, ისე ქართული სამზარეულო, ტრადიციები და სხვა. ეს ერთის მხრივ ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამასთან, ადგილობრივ მომხმარებლებში ღვინის მოხმარების კულტურას ზრდის”, – აცხადებს ლევან მეხუზლა.
