ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, ბექა გოცირიძის მიმართვის საფუძველზე შსს-მ ორი ადამიანი დააკავა – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე.
დაკავების საფუძვლად წარმოდგენილია ჩვენება და ვიდეომასალა, რომელიც 1 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზეა გადაღებული. კადრებში გოცირიძე მიდის აქციის მონაწილეებთან, სიტყვიერად შეურაცხყოფს მათ და ამის შემდეგ ჩხუბი იწყება.
აქტივისტების თქმით, მასალაში უნდა ჩანდეს ცივი იარაღიც, თუმცა მათი თქმით, ეს ეპიზოდი შსს-მ ამოაჭრა და ვიდეო არასრულად გაავრცელა.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას პროვოკაციის მოწყობის შემდეგ გოცირიძემ რამდენიმე წუთში “ტიკტოკის” აუდიტორიას თავად უამბო, რომ „რუსთაველზე შეკრებილებმა მისი ცემა ვერ მოახერხეს“.
თუმცა, თითქმის ორი კვირის შემდეგ, ყოფილი ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ თავად არის დაზარალებული და სამოქალაქო აქტივისტებმა მასზე ჯგუფურად იძალადეს.