ორი წლის წინ, 2023 წლის ივლისში, წყნეთში დაღუპული მოზარდის, დათუნა ჟღენტის საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. ამის შესახებ მოზარდის დედა, ქეთევან ქავთარაძე საუბრობს.
TV პირველთან ინტერვიუში ქავთარაძე ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში საქმეზე ორი სხვადასხვა პროკურორი მუშაობდა. თუმცა, გამოძიების ფარგლებში “არაფერი არ გაკეთებულა”.
“პირველივე დღეებში იყო ინფორმაცია, რომ ვიღაც ორი პიროვნება იყო დაკავებული. სრული სიცრუე […] დღესდღეობით, ამ საქმის პროკურორი არის გია შაიშმელაშვილი. გია შაიშმელაშვილთან მქონდა მრავალგზის სატელეფონო კომუნიკაცია და 3-4-ჯერ გვქონდა პირადი შეხვედრაც. იყო დაპირებები, მაგრამ [შედეგი ვერ მივიღეთ]. შეიქმნა 4,5 ტომი ამ საქმესთან დაკავშირებით, ოღონდ ეს ის მასალაა, რაც იმ [პირველ] ორ დღეში გაკეთდა. გავიდა ორი წელი. მეტი არაფერი არ გაკეთებულა. არ გვყავს ბრალდებული, თავისთავად, არავინ არ არის დაჭერილი. არავინ. პასუხისმგებლობა არავინ არ აიღო. ახლა სრულად, თავისუფლად ვაცხადებ, რომ ეს არის სისტემური მკვლელობა. […] შვილი მომიკლეს, დამიღუპეს უპასუხისმგებლობის, უყურადღებობის, საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებით, საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. სწორედ ამ პატარ-პატარა [დეტალებმა] მიგვიყვანა იქამდე, რომ დათუნა დღეს ჩემს გვერდით არ არის”, – ამბობს ქავთარაძე.
2023 წლის ივლისში, 15 წლის მოზარდი წყნეთში, სახლთა ახლოს სკვერში, სკამზე მჯდომი გარდაცვლილი იპოვეს. გამძიების ვერსიის მიხედვით, მას დენმა დაარტყა.
იმ დროისთვის სკვერში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელსაც თბილისის მერია ხელმძღვანელობდა. ვაკის გამგეობაში მაშინ ამბობდნენ, რომ სკვერში ელექტრომოწყობილობა უკანონოდ და კუსტარულად იყო დამონტაჟებული.
გამოძება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. თუმცა, როგორც დაღუპული მოზარდის დედა ამბობს, გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს ბრალდებული.
ამავე თემაზე:
· წყნეთში 16 წლის მოზარდი დაიღუპა – სავარაუდოდ, მას სკვერში დენმა დაარტყა
· გამგეობა მოზარდის დაღუპვაზე: ელექტროობა უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული
