ნუკრი გაბუნია ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მსახიობის, ქართული კინოს კომიკოსის – იპოლიტე ხვიჩიას ნაბოლარა შვილიშვილია. მოგეხსენებათ, იპოლიტემ და მისმა მეუღლემ – ლუბა ქარქაშაძემ ერთმანეთი ქუთაისის თეატრში გაიცნეს, იმ დროისათვის ლუბას ჰყავდა მეუღლე და ერთადერთი ქალიშვილი, ნუნუ, თუმცა დიდ სიყვარულს ამან ხელი ვერ შეუშალა და წყვილმა ბედნიერი ოჯახი შექმნა, ნუნუს კი ხუთი შვილი შეეძინა და ჩემი რესპონდენტი სწორედ მისი მოსახელეა. ნუკრი გაბუნია უსაყვარლეს ბაბუს იხსენებს, თუ როგორი მზრუნველი, მოსიყვარულე, მეოჯახე და კეთილი ადამიანი იყო, როგორ გამოხატავდა ხალხი მისდამი სიყვარულს და რამდენად საინტერესო იყო იმ თაობის მსახიობების ლამაზი და დიდი ოჯახის წევრობა და მათი ურთიერთობები:
– ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ასეთი ფუფუნება მხვდა წილად – ბაბუ ასე ახლოს მყოლოდა და ყოველდღიურად, ყოველწუთიერად გვქონოდა ძალიან თბილი და უშუალო ურთიერთობა. ის ძალიან მოსიყვარულე და სიცოცხლისმოყვარე, აქტიური ადამიანი იყო – ისეთი ჩქარი ნაბიჯით დადიოდა, ვერ ვეწეოდით, გარბოდა და ჩვენ უკან მივდევდით. ამის გამო მას ბაკუნას ვეძახდით. ბაბუ რომ გარდაიცვალა, 19 წლის ვიყავი, შესაბამისად, ის საოცარი ბავშვობა კარგად მახსოვს. ბაბუს ძალიან ვუყვარდი, ყველგან თან დავყავდი და სულ კალთაში ვეჯექი ხოლმე. ფილმის გადაღებებზე მთელი ოჯახი მივდიოდით – ბებო, დედა და ხუთივე ბავშვი… დიდი მხიარულება იყო ხოლმე.
ბევრი კომიკოსია, რომლებზეც ამბობენ, ოჯახში მძიმე ხასიათი აქვთო, ბაბუ კი საოცრად კომფორტული ადამიანი იყო. ხუთივე შვილიშვილს გვქონდა განცდა, რომ მისთვის ნომერი პირველი და გამორჩეული ვიყავით – სულ მეგონა, რომ ყველაზე მეტად მე ვუყვარდი, სხვებსაც ანალოგიურად. ოჯახში სიტყვები “სიძე”, “რძალი” არ არსებობდა, ყველა მისი შვილი იყო. დედაჩემს უამრავი შვილობილი ჰყავდა, ბებოს კი საათები ჰქონდა განსაზღვრული, ვისაც რა უჭირდა, შეეძლო მოსულიყო და ყველას ეხმარებოდა. ბაბუც ყველას უსიტყვოდ ეხმარებოდა და მერე ეტყოდა ხოლმე, იცოდე, არ შემარცხვინოო.
მოგეხსენებათ, ლუბა ბებიაც მსახიობი იყო, მაგრამ დედაჩემს ტყუპი რომ შეეძინა, მანანა და ავთო, სცენას თავი დაანება და მას ეხმარებოდა. მერე მხოლოდ ეპიზოდურ როლებში იყო ფილმებში, ისიც იმიტომ, რომ ბაბუს უნდოდა, თორემ თვითონ მთლიანად ოჯახზე იყო გადართული. “პირველ მერცხალში” ქალი რომ მიდის ძაღლით, სწორედ ლუბა ბებიაა, ბაბუა რომ ეუბნება, აბრძანდით, ქალბატონო, ტროტუარზე თქვენს ძაღლთან ერთადო. სხვათა შორის, ბაბუ გიჟდებოდა ცხოველებზე, ფრინველებზე, ბუნებაზე, შინ ყოველთვის გვყავდა ძაღლი და კატა. ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს – რა ვიცი, ბაბუ, მერე იქნება მე ვიყო ჭიანჭველაო, ხუმრობდა.
– როგორი იყო ლუბასა და იპოლიტეს ურთიერთობა?
– ბოლოს ორივეს ერთი და იგივე დაავადება ჰქონდა – ინსულტი, ერთს მარჯვენა მხარეს, მეორეს – მარცხენა. ბაბუ ეხუმრებოდა, სულ ვიცოდი, რომ ძალიან გიყვარდი, მაგრამ ასე თუ გიყვარდი, არ მეგონაო. მაშინ ხომ მობილურები არ იყო და იპოლიტე სადმე ქალაქგარეთ თუ იყო წასული, ყოველდღე რეკავდა, ბებო კი სახლში იჯდა ზუსტად იმ საათზე, როცა მის ზარს ელოდებოდა. ყველაფერს გამოჰკითხავდა, როგორ ხარ, ბაკუნა, მანდ ძალიან ცივა? ფეხზე თბილად ჩაცმა არ დაგავიწყდეს, ის თუ შეჭამე, ეს თუ გააკეთეო…
ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, დიდ პატივს სცემდნენ. სხვათა შორის, კამათობდნენ კიდეც, როცა რაიმე საკითხზე არ ეთანხმებოდნენ – საჭმელზე, ტელევიზორში რამეს რომ დაინახავდნენ, მაგრამ მათი აწეული ხმა არ გამიგონია. რამის გარჩევა რომ მიდიოდა, აბა, რომელიმეს ბებოს მხარე დაგვეჭირა, ბაბუ მაშინვე გაიბუტებოდა, ხელჯოხს სახეს ჩამოადებდა და დიდი მწვანე თვალები დაუნაღვლიანდებოდა. ისე, სულ უციმციმებდა და ყველას უღიმოდა. რამე თუ აწუხებდა, მხოლოდ თვალებზე შეამჩნევდი, მაგრამ არაფერს იტყოდა, არ იმჩნევდა.
საბურთალოზე მეექვსე სართულზე ვცხოვრობდით და სახლში დაბრუნებული ბაბუ პირველ სართულზე რომ ჩაახველებდა (მას ხომ ასთმა ჰქონდა), ბებია უკვე ხვდებოდა, რომ ის იყო, გავარდებოდა სამზარეულოში, საჭმელს უცებ შემოდგამდა ქურაზე გასაცხელებლად და სანამ ამოვიდოდა, თითქმის მზად ჰქონდა. ლუბას ხაჭაპურები ცნობილი იყო, მაგრამ სხვებს უფრო მოსწონდათ, ვიდრე ბაბუს, მას ლობიო და კიევური კატლეტი უფრო უყვარდა. სადმე რომ მიდიოდა, ბებია ლობიოს ჩუმად უხარშავდა ხოლმე სასტუმროში, განა სხვაგან ვერ შეუკვეთდა, მაგრამ მაინცდამაინც ლუბას გაკეთებული უნდოდა. სადაც დავდიოდით, ის პატარა ქოთანიც თან დაგვქონდა, ერთხელ ნომრის აივანზე ქურა დადგა ლობიოს მოსახარშად…
ბაბუს რომ დაენახა, ქუჩაში ვიღაც ჩხუბობდა, შუაში ჩახტებოდა და გააშველებდა; ცურვა არ იცოდა და წყალში გადახტებოდა ვიღაცის გადასარჩენად, მაგრამ რაც შეეხება მიწისძვრას, პანიკური შიში ჰქონდა. ერთხელ მაჰაჩყალაში იყვნენ, იქ თურმე ხშირად იყო მიწისძვრა და ნომერში მასთან ყოველთვის ვიღაც რჩებოდა, რომ მარტო არ ყოფილიყო. ფოსტა იქვე ახლოს ყოფილა და დილის 5 საათიც რომ ყოფილიყო, ჩაირბენდა თურმე, ლუბა, კიდევ შეგვაქანა და ასე მე ვერაფერს გადავიღებ, მეუბნებიან, ზოგიერთი კადრი არ მოგვწონსო, და როგორ უნდა მოეწონოთ, როგორც კი მიწისძვრაზე გავიფიქრებ, მაშინვე სახლში მინდა გამოქცევაო. ეს აქედან ამშვიდებდა, ბაკუნა, არაფერი მოგივაო.
– პირველად როდის გააცნობიერეთ, რომ ბაბუა ძალიან პოპულარული ადამიანი იყო?
– მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი თეა ბაბუს ფიგურულ სრიალზე დავყავდით საბურთალოს ყინულის მოედანზე და სადაც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენს წასაყვანად აუცილებლად შინ მოვიდოდა. მაგალითად, “მხიარული რომანის” გადასაღები მოედნიდან იმ ჩექმებითვე მოდიოდა ხოლმე, ქუჩაში ხალხი დასდევდა და უკან რომ მოვიხედავდით, მოგვყვებოდნენ. ხან ავტობუსის მძღოლი აწვალებდა, გააჩერებდა, დავაპირებდით ასვლას, დაძრავდა და ასე რამდენჯერმე გაეხუმრებოდა ხოლმე, მერე დიდი სიყვარულით გამოსძახებდა, ამობრძანდით, ბატონო იპოლიტეო. ერთხელ სახლში მოსულმა დედას ვკითხე, ამ ბაბუაჩემს მთელი ქუჩა მოსდევს და რა უნდათ, რატომ დასდევენ-მეთქი? ძალიან უყვართ და იმიტომ, ეფერებიანო. არ მინდა ეფერებოდნენ და ნუ დასდევენ-მეთქი, ვიეჭვიანე.