შვეიცარიული საათების ინდუსტრია, აშშ-ის მიერ გაზრდილი ტარიფების ფონზე, მდგრადობას ინარჩუნებს – კვლევა

შვეიცარიული საათების ინდუსტრია, -ის მიერ გაზრდილი ტარიფების ფონზე, სირთულეებს აწყდება. თუმცა, საკონსულტაციო ფირმა Deloitte-ის კვლევის თანახმად, ინდუსტრიამ მდგრადობა ამ დრომდე შეინარჩუნა.
„შვეიცარიულ საათებზე 39%-იანი იმპორტის გადასახადი აშშ-ში 2025 წლის აგვისტოდან მოქმედებს. საათების ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზრისთვის ეს დიდი დარტყმაა. ამას ემატება შვეიცარიული ფრანკის მყარი კურსი, სხვა რეგიონებში მოთხოვნის კლება და მზარდი ფასებისადმი მომხმარებლების მგრძნობელობა“, – წერს Deloitte-ი ოთხშაბათს გამოქვეყნებულ კვლევაში.
შვეიცარიული საათების უმსხვილეს საექსპორტო ბაზარზე (აშშ) ამ საათების გლობალური ექსპორტის თითქმის 17% მოდის. გასულ წელს აშშ-ში 4.4 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (5.5 მილიარდი დოლარი) ღირებულების საათები გავიდა ექსპორტზე.
თუმცა, შვეიცარიული საათების ინდუსტრიამ ამ დრომდე დაამტკიცა თავისი მდგრადობა: Deloitte-ის კვლევის თანახმად, ექსპორტირებული საათების ღირებულება 2025 წლის იანვრიდან აგვისტომდე, წინა წელთან შედარებით, შედარებით უმნიშვნელოდ, მხოლოდ 1%-ით შემცირდა.
მენეჯმენტის კონსულტანტის თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ აშშ-ის მიერ ახალი ტარიფების შემოღებამდე, დიდი შესყიდვები განხორციელდა და მარაგების შექმნა მოხდა. თუმცა, პროგნოზის მიხედვით, მომავალში ახალი ტარიფები, სავარაუდოდ, აშშ-ში წამყვანი შვეიცარიული ბრენდების ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. ამან, თავის მხრივ, შესაძლოა, ამერიკის ბაზარზე მოთხოვნა სერიოზულად შეამციროს.
თუმცა, იმედის სხივეც არსებობს. მაგალითად, დინამიურად ვითარდება მეორადი საათების ბაზარი. Z თაობის გამოკითხულთა დაახლოებით 40%-მა განაცხადა, რომ მეორადი საათის შეძენას გეგმავს.
ზრდის პოტენციალს ინდუსტრია ინდოეთსა და მექსიკაშიც ხედავს. ინდოეთში ექსპორტი ზრდას უკვე არსებული 7%-იანი მატების შემდეგაც განაგრძობს, მექსიკა კი, გასულ წელს 337 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის შვეიცარიული საათების ექსპორტის კვალობაზე, ლათინურ ამერიკაში ახალ ცენტრად ყალიბდება.
Deloitte-ის კვლევა საათების ინდუსტრიის 111 ლიდერთან და 13 ქვეყანაში 6 500 ადამიანთან ჩატარებულ ინტერვიუებს ეფუძნება.
1 არხი