შვეიცარიის მოსახლეობამ 9 მილიონს გადააჭარბა

რვადან ცხრა მილიონამდე შვეიცარიის მოსახლეობის გაზრდას 12 წელი (2012 წლიდან 2024 წლამდე) დასჭირდა. ამდენივე დრო დასჭირდა მოსახლეობის ხუთიდან ექვს მილიონამდე გაზრდას (1955-1967). FSO-ს მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები 6,560,361 პირი შვეიცარიელია, ხოლო 2,442,402 -უცხოელი.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დაახლოებით 5,460 მილიონი ადამიანი 20-დან 64 წლამდე ასაკისაა, თითქმის 1,790 მილიონი – ბავშვი და მოზარდია, ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა 1,753 მილიონს შეადგენს.
თითქმის 1,954 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ცენტრალური პლატოს რეგიონში, რომელიც ბერნის, ფრიბურგის, სოლოტურნის, ნოიშატელისა და იურას კანტონებს მოიცავს. ჟენევის ტბის რეგიონში, რომელშიც ვოს, ვალეს და ჟენევის კანტონები შედის, ამ მაჩვენებელმა თითქმის 1,745 მილიონი ადამიანი შეადგინა, შვეიცარიის ჩრდილო-დასავლეთ კანტონებში (ბაზელ-შტადტი, ბაზელ-ლანდი და აარგაუ) კი – დაახლოებით 1,231 მილიონი ადამიანი.
ციურიხის კანტონში თითქმის 1, 613 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დაახლოებით 1,243 მილიონი – აღმოსავლეთ კანტონებში (გლარუსში, შაფჰაუზენში, აპენცელში, სენტ-გალენში, გრაუბიუნდენსა და ტურგაუში). FSO-ს მონაცემებით, დაახლოებით 858 400 ადამიანი მუდმივად ცხოვრობს შვეიცარიის ცენტრალურ კანტონებში -ლუცერნში, ურიში, შვიცში, ობვალდენში, ნიდვალდენსა და ცუგში, ტიჩინოს მოსახლეობა კი დაახლოებით 358 000-ია.
ცხრა მილიონზე მეტი მცხოვრები შვეიცარიაში დაახლოებით ერთი წლის წინ, – 2023 წლის ივნისის ბოლოსაც დაფიქსირდა, მაგრამ მაგრამ მაშინ ამ რაოდენობაში ასევე შედიოდა არამუდმივად მცხოვრები უცხოელების გარკვეული კატეგორია, მაგალითად, – თავშესაფრის მაძიებლები. 2023 წლის პირველი ნახევრის ბოლოს, შვეიცარიის მუდმივი მოსახლეობა დაახლოებით 8,9 მილიონი იყო.
წყარო: 1 არხი