შვეიცარიის ალპებში ყინულის უზარმაზარი მონაკვეთი მოწყდა, რამაც მეწყერი გამოიწვია და ახლომდებარე სოფლების უმეტესი ნაწილი დაფარა. აღმოჩნდა, რომ მაისის დასაწყისში მოსახლეობა ამ სოფლებიდან ევაკუირებული იყო, ქვათაცვენის საშიშროების გამო.
დრონებით გადაღებულ მასალაში გამოჩნდა, თუ როგორ დაფარა ტალახის და ნიადაგის მასამ სოფელ ბლატენის დიდი მონაკვეთი და მიმდებარე ხეობის ტყიანი მხარე. მასალას ამ თემაზე და ინფორმაციას მეწყერის შესახებ The Guardian აქვეყნებს.
„ამ ეტაპზე, მხოლოდ, იმის თქმა შემიძლია, რომ სოფლის 90% განადგურებულია, კატასტროფა მოხდა ბლატენში“, – აცხადებს სამხრეთ ვალეს რეგიონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სტეფან განცერი.
რეგიონული მთავრობის თქმით, ხეობიდან ყინულის მონაკვეთის მოწყვეტამ არამხოლოდ ბლატენი დააზარალა, არამედ მდინარე ლონზას კალაპოტიც დაფარა, რაც მასზე მდებარე კაშხლის ჩამოშლის შესაძლებლობასაც ზრდის.
„ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სოფელი“, – აღნიშნავს ბლატენის მერი მათიას ბელვალდი, თუმცა იმედს იტოვებს, რომ შვეიცარიელებს მისი აღდგენის საშუალებაც ექნებათ.
მეწყერის ჩამოწოლამდე, ქვათაცვენამ დააზიანა სოფლის ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვანი შენობები. დაახლოებით, 300 მცხოვრების ევაკუაცია გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც გეოლოგებმა კლდეების ჩამოშლისა და ყინულის ზვავის რისკი დაადგინეს.
შვეიცარიის პრეზიდენტი კარინ კელერ-ზუტერი სოლიდარობას უცხადებს ადგილობრივ მოსახლეობას და აღნიშნავს, რომ „საშინელებაა სახლის დაკარგვა“, სოციალურ ქსელ X-ზე.